მაწუხებს თავის და ყელის ტკივილი, ძლიერი ხველა და სისუსტე – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, აქვს სიცხე, აწუხებს ძლიერი ხველა და სისუსტე.

“ცოტა მეუხერხულება ჩემს შესახებ ამდენი ვწერო, თუმცა ვინაიდან ინტერესი დიდია და შეუძლებელია ყველა სატელეფონო ზარს ვუპასუხო აქ დავწერ: ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივეა და მკურნალობას სახლში ვაგრძელებ-ღამით ტემპერატურა 37.5 გრადუსი მქონდა. ისევ მაწუხებს თავის და ყელის ტკივილი. ძლიერი ხველა და სისუსტე”,– ამბობს ინფიცირებული ექიმი.

მისივე განცხადებით, მიუხედავად ინფიცირებისა, ცდილობს მხნედ იყოს და მოვლენებს არ ჩამორჩეს.

“გუშინ დისტანციურად მონაწილეობა მივიღე საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში. ფეისბუქში დავწერე მადლობის წერილი, რომელიც თქვენ გეკუთვნით – ვინც ინტერესდებით ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს – ანა თოფურია თავს უკეთ გრძნობს. ღამით სხეულის ტემპერატურა 37.1 გრადუსი ჰქონდა. უმნიშნელოდ აწუხებდა ყელის და სახსრების ტკივილი. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა მკურნალობას სტაციონარში გავაგრძელებ… სულ ეს არის და ეს… გაუფრთხილდით თავს და გისურვებთ ჯანმრთელობას…”,– წერს თენგიზ ცერცვაძე.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორსა და მის მეუღლეს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდათ. ისინი მკურნალობის კურსს სახლში გადიან.