მგლებისა და ტურების დათვლის ტენდერი ჩავარდა – მიზეზი, პრეტენდენტების არარსებობაა

პრეტენდენტების არარსებობის გამო, საქართველოში ტურის (Canis aureus) და მგლის (Canis Lupus) პოპულაციების არეალის და რიცხოვნობის შეფასებისა და კლიმატის ცვლილების ფონზე მათი მართვის გეგმების შემუშავების 355 ათას ლარიანი ტენდერი ჩავარდა.

შესყიდვა 19 მარტს გამოცხადდა და 30 მარტს განაცხადების მიღების ბოლო ვადაა. გასაწევი მომსახურება კი, შემდეგია, პროექტით უნდა შეირჩეს საქართველოს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტში, შემდეგი ფაქტორების მიხედვით:

ა) იქ , სადაც გახშირებულია ცხოველთა თავდასხმები, ან/და შეიმჩნევა მათი რიცხოვნობის ზრდა;

ბ) იქ, სადაც ადგილი აქვს ტურების და მგლების მაღალი დონის ზეწოლას სხვა სახეობების (ბუნებრივი მსხვერპლი სახეობები) პოპულაციებზე;

გ) პოპულაციების მდგომარეობის და სიმჭიდროვის შესახებ, კვლევების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის განზოგადება/მოდელირება, სხვა მუნიციპალიტეტებში არსებულ მდგომარეობასთან.

კვლევის შედეგად უნდა დადგინდეს/დაზუსტდეს ტურის და მგლის პოპულაციების არეალი, რიცხოვნობა და მათი გავლენა ველურ ბუნებაში არსებულ სხვა სახეობებზე.

ტენდერში მონაწილეობისთვის ბიომრავალფრევნების კონსერვაციის და მდგრადი განვითარების სფეროში მუშაობის, სულ მცირე, 5-წლიან გამოცდილებას ითხოვდნენ. ასევე, ნათქვამი იყო,რომ პრიორიტეტული იქნება ველური ბუნების, ტურისა და მგლის მონიტორინგის სფეროში მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება.