მეგრელიშვილი: მე არც ელენე ხოშტარიას აგენტობის მჯერა და არც ივანიშვილის რუსობის

გირჩის ერთ–ერთი ლიდერის, ვახო მეგრელიშვილის თქმით, “არანაირი” სხვაობა არ არის, როცა ელენე ხოშტარიას ეძახიან რუსეთის აგენტს და ბიძინა ივანიშვილს – რუს ოლიგარქს.

“მე არც ელენეს აგენტობის მჯერა და არც ბიძინა ივანიშვილის რუსობის მჯერა. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს მთელი მემკვიდრეობა გვქონდა საბჭოთა სისტემის, რომელიც, ფაქტობრივად, ვერ დავანგრიეთ იმ დროს, როცა ყველაზე მეტი აქტივობა იყო სახელისუფლებო ნაწილში ბენდუქიძის გამოისობით. ჩვენ საბჭოთა სისტემა გვაქვს მემკვიდრეობით. რუსეთში მასე არ ექცევიან [ოპონენტებს], რუსეთში პირდაპირ ხოცავენ, წამლავენ ოპონენტებს”,– ამბობს მეგრელიშვილი ფორმულას ეთერში.

მისივე განცხადებით, კრიზისის დასასრულებლად მნიშვნელოვანია “ჩხუბის დასრულება”.

“რამდენჯერ გითხრათ, რატომ ვერ ხვდებით, რომ მელიები გაიჩითებიან ბევრი, თუ ეს ჩხუბი არ დასრულდა. ვთქვათ, მოუგო ნაციონალურმა მოძრაობამ, მერე ციხეში ჩასხდებიან ქართული ოცნების წარმომადგენლები. მერე ვილაპარაკებთ მათ პოლიტპატიმრობაზე და არ დამთავრდება ეს ამბები. მელია რომც გამოუშვან, ხვალ ხომ შეუძლიათ ახალი დაიჭირონ?! ჯერ უნდა მოხდეს წესებზე შეთანხმება, რომ პოლიტიკური მიზნებით დაჭერები არ მოსულა”,– თქვა მან.