მედიაში გასული ანონსის შემდეგ ოცნების დეპუტატის, კობა კობალაძის შვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტვ პირველზე გასული ანონსის შემდეგ თბილისში მომხდარ დაჭრაში ბრალდებულები დააკავა. მათ შორის არის ქართული ოცნების დეპუტატის, კობა კობალაძის შვილი.

ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, ქართული ოცნების დეპუტატ კობა კობალაძის შვილი და კიდევ რამდენიმე პირი ქუჩაში ადამიანს თავს დაესხნენ და სცემეს, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში აღმოჩნდა.

ტელეწამყვანმა ნოდარ მელაძემ თქვა, რომ სიუჟეტის გასვლამდე მას დაზარალებულის მამა დაუკავშირდა და სთხოვა, მასალა ეთერში არ გაეშვა, უარის მიღების შემდეგ კი შსს–მ ბრალდებულები დააკავა.

გადაცემის ანონის გასვლის შემდეგ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელშიც უწყება ამტკიცებს, რომ 23 წლის ბიჭის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-7 სამმართველოში, ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე დაიწყო.

შსს–ს განცხადებით, ანონსის გასვლის შემდეგ “შეიქმნა საფრთხე საქმეში გამავალი პირების მიმალვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების შესახებ.”

დაკავებულია 1997 წელს დაბადებული დ.ჟ და 2000 წელს დაბადებული გ.კ. 2000 წელს დაბადებული დ.კ. კი, მათივე ცნობით, პოლიციის განყოფილებაში თავისი ინიციატივით გამოცხადდა.

გ.კ.-ს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება, დ.ჟ-ს კი ძალადობა და ცივი იარაღის ტარება.

დეპუტატმა კობა კობალაძემ შსს-ს განცხადების შემდეგ თქვა, რომ განყოფილებაში შვილთან ერთად მივიდა.

“ჩემი შვილი და მე ერთად გამოვცხადდით განყოფილებაში. მილიონი რაღაცაა აგორებული მასზე. ჩატარდება კონკრეტული საგამოძიებო ქმედებები და რეალურად, სამართლებრივი შეფასება მიეცემა ამას. არც არავის ხელს ვაფარებთ და არც უდანაშაულობას დანაშაულად არ ვიზამთ. ბავშვი არის სპორტსმენი, ჯანმრთელი, ამბავი… არ ვიცი, გაერკვევიან”, – აცხადებს კობალაძე რუსთავი 2–თან საუბრისას.