მედია: გერმანულ დაზვერვაში რუსული აგენტის გამოვლენამ მის მიმართ მოკავშირეების ნდობა შეარყია

დეკემბრის ბოლოს გერმანიაში დააკავეს გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომელი, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულეს , მისი ეჭვმიტანილი თანამზრახველი კი ერთი თვის შემდეგ დააკავეს. გერმანული და ამერიკული პრესის ცნობით, ჩანერგილ პირს საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა გერმანულ დაზვერვაში, რამაც გერმანიის მოკავშირეების დაზვერვის სამსახურები შეაშფოთა.

გერმანიაში საქმის აღძვრამდე   ეჭვმიტანილი რუსი ჯაშუშების დააკავეს ნიდერლანდებში, ნორვეგიაში, შვედეთში, ავსტრიაში, პოლონეთსა და სლოვენიაში.

აშშ–ს და ევროპული დაზვერვის წარმომადგენლები კვლავ აფრთხილებენ ყველას,  რომ რუსეთი ინარჩუნებს მნიშვნელოვან ჯაშუშურ შესაძლებლობებს. გასული წლის განმავლობაში კონტინენტის საელჩოებიდან 400-ზე მეტი ეჭვმიტანილი რუსი მზვერავის მასიური გაძევების შემდეგაც კი, ევროპაში კვლავ არსებობენ რუსი დაზვერვის ოფიცრები.

თუმცა, ექსპერტების აზრით, მოსკოვის ჯაშუშურმა ქსელმა გასული წლის განმავლობაში უფრო მეტი ზიანი განიცადა, ვიდრე ნებისმიერ სხვა პერიოდში ცივი ომის დასრულების შემდეგ.

დასავლეთის კონტრდაზვერვის მცდელობებმა, სავარაუდოდ, შეასუსტა მისი უნარი ჩაატაროს გავლენის ოპერაციები ევროპაში, შეინარჩუნოს კონტაქტი ინფორმატორებთან  ან მიაწოდოს კრემლს ინფორმაცია საკვანძო საკითხებზე, მათ შორის, რამდენად მზად არიან დასავლელი ლიდერები გააგრძელონ უკრაინაში იარაღის მიწოდების გაზრდა.

”ახლა მსოფლიო რუსული სამსახურებისთვის სრულიად განსხვავებულია,” – განუცხადა ვაშინგტონ პოსტს ფინეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა ანტი პეტტარმა, ”მათი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შემცირდა”.

რუსეთი ცდილობს აანაზღაუროს თავისი დანაკარგები კიბერ ჯაშუშობაზე დაყრდნობით, თქვა პელტარმა. მოსკოვი ასევე ცდილობს ისარგებლოს ლტოლვილთა ნაკადით ახალი ჯაშუშების გაგზავნისთვის ევროპის ქვეყნებში.

თუმცა, ამ ახალ აგენტებს არ ექნებათ დიპლომატიური დაცვა და რესურსები, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის საელჩოებში მუშაობასთან და მათი მომზადების დონე და გამოცდილება უფრო დაბალი იქნება.

ევროპელი ოფიციალური პირების თქმით, რუსული სადაზვერვო ქსელების დამარცხებამ გამოიწვია კურიოზული სიტუაციები: მაგალითად, მოსკოვი ცდილობდა ერთი ევროპული ქვეყნიდან გაძევებული დაზვერვის ოფიცრები მეორე ევროპულ ქვეყანაში გაეგზავნა იმ იმედით, რომ სხვადასხვა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებს შორის ცუდი კოორდინაციია იქნებოდა. თუმცა ევროპელი დაზვერვის ოფიცრები ერთმანეთს წინასწარ უზიარებდნენ ინფორმაციას გაძევებული რუსების შესახებ.

მიუხედავად ამისა, გერმანიაში განვითარებულმა მოვლენებმა დასავლური დაზვერვის წრეებში მნიშვნელოვანი შფოთვა გამოიწვია. როგორც გაირკვა, უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ რუს აგენტებზე გაზრდილი ზეწოლის პირობებშიც კი, მოსკოვში ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზვერვო სამსახურიდან –  გერმანული საგარეო დაზვერვიდან საიდუმლო ინფორმაციის ნაკადი მიედინებოდა.

შედეგად, შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროპის რიგმა სხვა სახელმწიფოებმა შეამცირეს ბერლინთან გაცვლილი სადაზვერვო ინფორმაციის  რაოდენობა.

„თითოეული სამსახური დამოუკიდებლად აფასებს ზარალს“, განუცხადა ვაშინგტონ პოსტს ჩრდილოეთ ევროპის დაზვერვის მაღალჩინოსანმა.

რა მოხდა გერმანიის საგარეო დაზვერვაში

არტურ ელერის დაპატიმრება (ოფიციალურ ანგარიშებში, როგორც ეს ჩვეულებრივ გერმანიაშია, მას მხოლოდ ინიციალებით მოიხსენიებდნენ, მაგრამ Washington Post-მა და New York Times-მა დაადგინეს, რომ მისი სრული სახელი ასე ჟღერს; იგივე ეხება ქვემოთ მოხსენიებულ კარსტენ ლინკეს. ) 21 იანვარს ძირითადად FBI-ს ძალისხმევით მოხდა , რომელმაც  ამისათვის საჭირო მტკიცებულებები შეაგროვა.

ელერის დაკავებამდე ერთი თვით ადრე მიუნხენში გერმანიის ხელისუფლებამ ასევე დააკავა 52 წლის კარსტენ ლინკე. ეს დაკავება განსაკუთრებით საყურადღებოა: ლინკე ხელმძღვანელობდა გერმანიის საგარეო დაზვერვის განყოფილებას, რომელიც პასუხისმგებელია კიბერუსაფრთხოებაზე და ელექტრონული კომუნიკაციების თვალთვალზე და ჰქონდა წვდომა სააგენტოს თანამშრომლების პირად ფაილებზე. ეს დეპარტამენტი უზრუნველყოფს გერმანიის დაზვერვის მიერ ყოველდღიურად შეგროვებული მონაცემების ნახევარს, წერს New York Times.

მანამდე ლინკე მუშაობდა ბავარიის ობიექტში, სადაც  გლობალურ საინფორმაციო ქსელებში ტექნიკური ინფორმაციის შეგროვება ხდებოდა.

როგორც გერმანიის დაზვერვის ისტორიკოსმა ერიხ შმიდტ-ენბუმმა New York Times-ს განუცხადა, ლინკეს შესაძლოა ჰქონოდა წვდომა სხვა მონაცემებზე, მათ შორის ბალტიის ზღვაში გერმანული სადაზვერვო გემებიდან და სამხრეთ უკრაინაში მდებარე მობილური მოსასმენი მოწყობილობებიდან (მან დეტალები არ დაასახელა).

ჟურნალ Der Spiegel-ის ცნობით, რუსეთის “ეფესბემ“ მას დაავალა გაერკვია ამერიკული მაღალი სიზუსტის სარაკეტო სისტემების, Himars-ის და ბერლინის მიერ მიწოდებული Iris-T საჰაერო თავდაცვის სისტემის ადგილმდებარეობის დადგენა, თუმცა გამოცემის წყაროები ეჭვობენ, რომ მან წარმატებას ვერ მიაღწია.

გერმანიამ ჩანერგილი თანამშრომელი  მხოლოდ მოკავშირე დასავლური სამსახურის დახმარებით აღმოაჩინა, რომლის დასახელებაზე გერმანიის დაზვერვის  წარმომადგენლებმა უარი თქვეს.

გერმანელული დაზვერვის ოპერატიულმა თანამშრომლებმა დაიწყეს ლინკეს ურთიერთობის შემოწმება ძვირფასი ქვებისა და ლითონების 31 წლის დილერთან, ელერთან.

ელერი გერმანიის ნატურალიზებული მოქალაქეა. ის რუსეთში დაიბადა და 1990-იან წლებში მშობლებთან ერთად გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ჯარშიც კი მსახურობდა.

ბოლო დროს ელერი ჩართული იყო გერმანიისა და აფრიკის კომპანიებთან დაკავშირებულ ბიზნესში. კერძოდ, შვეიცარიელ ოქროს ვაჭართან და ნიგერიელ ბიზნესმენთან ერთად ხელმძღვანელობდა ნიგერიაში რეგისტრირებულ ნავთობის სავაჭრო კომპანიას.

გავრცელებული ინფორმაციით, ლინკემ და ელერმა ერთმანეთი 2021 წელს გაიცნეს ყოველწლიურ ფესტივალზე, რომელსაც სპორტული კლუბი ბავარიის ქალაქ ვეილჰაიმში ატარებს.

არსებობს მტკიცებულება, რომ ისინი ერთმანეთს გააცნო ულტრამემარჯვენე გერმანული ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) პარტიის წევრმა, რომელიც ოდესღაც ჯარში მსახურობდა ელერთან ერთად, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ლინკეს შესაძლოა ჰქონოდა რადიკალური პოლიტიკური შეხედულებები.

სამსახურეობრივი საქმეების გამო ელერი გამუდმებით მოგზაურობდა: მარტო გასულ წელს 100-ზე მეტი ვიზიტი ქონოდა.სხვა ადგილების გარდა, ხშირად მოგზაურობდა რუსეთში. როგორც წესი, რუსეთში მოგზაურობები ხანმოკლე იყო, მაგრამ Dossier Center-ის ცნობით, ის როგორც წესი ჩერდებოდა მოსკოვისა და პეტერბურგის ძვირადღირებულ სასტუმროებში.

ნოემბრის დასაწყისში ელერი მეუღლესთან და პატარა ქალიშვილთან ერთად დიდი ხნით გაემგზავრა ფლორიდაში, ცოლის ნათესავებთან მაიამიში, ხოლო დეკემბერში  გერმანიაში სამუშაოდ დაბრუნდა.

ელერი „სწრაფად იქნა იდენტიფიცირებული, როგორც შესაძლო თანამზრახველი“, განუცხადა ვაშინგტონ პოსტს გერმანიის უსაფრთხოების მაღალჩინოსანმა, რომელიც  გამოძიებაში მონაწილეობდა.

მისი თქმით, როდესაც გერმანიის ხელისუფლებამ 2022 წლის 21 დეკემბერს ლინკე დააკავა, ელერმა მიიღო ზარი გარკვეული ადამიანისგან “ეფესბედან“ გაფრთხილებით, რომ მას საფრთხე ემუქრებოდა და მოსკოვში გამგზავრება შესთავაზა. თუმცა, ელერი  ფლორიდაში დაბრუნდა.

მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ ელერი გერმანიის დაზვერვიდან ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით დაკვირვების ქვეშ იყო, FBI-მ მასზე  24 საათიანი მეთვალყურეობა დააწესა.

შედეგად, 12 იანვარს, როდესაც ის მიუნხენში გაფრენას აპირებდა , FBI-ის აგენტებმა ის აეროპორტში აიყვანეს.

დაკითხვისას მან თქვა, რომ მუშაობდა გერმანიის დაზვერვაში და  საინტერესო დეტალები გაამჟღავნა, მაგალითად, რომ გერმანიის დაზვერვის საიდუმლო ფაილებს გადაჰქონდა რუსეთში და უკან მოჰქონდა კონვერტები, მისი აზრით, ლინკეს ფულით. ელერმა ასევე თქვა, რომ ის კავშირში იყო “ეფესბეს“ ოფიცრებთან.

იუსტიციის დეპარტამენტმა განიხილა, წაეყენებინა თუ არა ბრალი ელერისთვის შეერთებულ შტატებში, მაგრამ საბოლოოდ არჩია მისი გერმანიისთვის გადაცემა, სადაც მას უფრო სერიოზული ბრალდებები ელოდა.

თავის მხრივ, ლინკეს ბრალი ედება გერმანიის დაზვერვაში მისი  უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რათა დახმარებოდა ელერს გერმანიის საზღვრის გადალახვაში საიდუმლო ფაილებითა და ნაღდი ფულით. ამერიკულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანული დაზვერვის გარკვეული ოფიცერი, რომელიც აშკარად მოქმედებდა ლინკეს ბრძანებით, დაეხმარა ელერს მიუნხენში საბაჟო ინსპექტირების გვერდის ავლაში.

ჯერჯერობით, გამოძიება არ თვლის, რომ ყოფილი სამხედრო და დაზვერვის ოფიცერი ფინანსურმა მოტივებმა აიძულა  ეღალატათ თავისი ქვეყანას. ჯერჯერობით, შესაძლო მოტივის ერთადერთი მინიშნება არის მისი ულტრამემარჯვენე სიმპათიები: ლინკეს სახლის ჩხრეკისას იპოვეს AfD-ის ბროშურები, სამსახურში კი ღიად ეუბნებოდა კოლეგებს, რომ გრძნობდა ვითარების გაუარესებას ქვეყანაში და აკრიტიკებდა ხელისუფლებას.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს

ლინკესა და ელერის საქმე ერთადერთი არ არის. რუსეთი აგრძელებს დასავლეთის ქვეყნებში თავისი დაზვერვის ოფიცრების შეღწევის მცდელობას.

მათ შორის არიან ეგრეთ წოდებული „არალეგალები“, რომლებიც საზღვარგარეთ იგზავნებიან არა როგორც დიპლომატები – თანმხლები იმუნიტეტით – არამედ უფრო დახვეწილი საფარით, რათა დამალონ რაიმე კავშირი რუსეთთან.

მაგალითად, გასულ წელს ბრაზილიელი ვიქტორ მიულერ ფერეირა ამსტერდამის შიფჰოლის აეროპორტში გაფრინდა – მან მიიღო სტაჟიორის პოზიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.

სინამდვილეში, ის რუსი ჯარისკაცი სერგეი ჩერკასოვი აღმოჩნდა, რომელიც რუსულმა “გრუ“-მ ათ წელზე მეტი ხნის წინ გაგზავნა საზღვარგარეთ.

ჩერკასოვი რამდენიმე წელი ცხოვრობდა ბრაზილიაში  ყალბი საბუთებით და „ვიქტორ მიულერ ფერეირას“ ვინაობით.

მან განათლება მიიღო დუბლინის ტრინიტის კოლეჯში და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის უმაღლესი საერთაშორისო კვლევების სკოლაში, ვაშინგტონში, სანამ სტაჟირება შესთავაზეს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, რომელიც ახლა იძიებს ბრალდებებს რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ უკრაინაში.

„2023 წლის თებერვალი არ არის იგივე, რაც 2021 ან 2019 წლის თებერვალი“, – განუცხადა Washington Post-ს დასავლური დაზვერვის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა. მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროპაში მოთმინება ამოიწურა და რუს აგენტებს ახლა აღარსად დაედგომებათ.

ასეთი ზეწოლის შედეგად, დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, არის ნიშნები იმისა, რომ რუსული სადაზვერვო სააგენტოები იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ადრე მიუღებლად ითვლებოდა და ოპერატიულ პირებს უფრო დაუცველს ტოვებს.

„ჩვენმა მუშაობამ აჩვენა, რომ რუსული სააგენტოები უფრო ტოლერანტულები არიან რისკის მიმართ“, – თქვა FBI-ის კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანმა, თუმცა კონკრეტული მაგალითები არ დაუსახელებია.

ევროპაში რუსული ჯაშუშური ქსელებისთვის მიყენებული ზიანის ზუსტად შეფასება ადვილი არ არის.

რუსეთი ეჭვმიტანილია სხვა მოვლენებთან კავშირშიც, რომლებმაც გასულ წელს ევროპაში შფოთი გამოიწვია, თუმცა მათთან მოსკოვის პირდაპირი კავშირი ვერ დადასტურდა.

მაგალითად, ნორვეგიის ხელისუფლებამ რამდენიმე ადამიანი დააკავა ინფრასტრუქტურის მახლობლად უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებისთვის. თუმცა, ყველა მალე გაათავისუფლეს – როგორც ჩანს, ისინი უდანაშაულო მოყვარულები აღმოჩნდნენ.

გასული წლის ბოლოს ესპანეთში ფოსტით გაგზავნილმა ბომბებმა გააჩინა შიში, რომ რუსეთი ახორციელებს მოკავშირე ულტრამემარჯვენე ჯგუფების მობილიზებას და ემზადება ტერორისტული კამპანიისთვის.

მაგრამ შემდეგ მადრიდმა გამოაცხადა 74 წლის ესპანელის დაპატიმრების შესახებ, რომელიც, როგორც ჩანს, მარტო მოქმედებდა.

მაგრამ რუსი აგენტების ოპერაციები ევროპაში, რა თქმა უნდა, არ შეჩერებულა.

მაგალითად, წლის დასაწყისიდან ლიტვაში უკრაინელი ლტოლვილების წინააღმდეგ რამდენიმე კიბეროპერაცია განხორციელდა, წერს Washington Post.