მელაშვილ-ილიჩოვას დაკავებით ხარობდა, არამზადაა – კობახიძე არქიმანდრიტ კირიონზე

თეოლოგი ბასილ კობახიძე ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავებას ეხმიანება და ამბობს, რომ ეკლესიას საბჭოთა კავშირის შემდეგ აღარ ჰქონდა საშუალება, რომ სახელმწიფოს ძალით გასწორებოდა უდანაშაულო ადამიანებს.

“საბჭოთა დროს მიტროპოლიტ გაიოზ კერატიშვილს გაუსწორდა პატრიარქი სახელმწიფოს დახმარებით და საბჭოთა სასამართლოზე საზოგადოებრივ ბრალმდებლად ეკლესიამ მიტროპოლტი ნიკოლოზ მახარაძე გააგზავნა, რომელიც გაიოზის დახვრეტას ითხოვდა.

ეს არნახული ფაქტი იყო იმიტომ კი არა, რომ ერთი მიტროპოლიტი მეორის დახვრეტას ითხივდა, არამედ იმიტომ რომ საზოგადოებრივი ბრალმდებლები მაშინ შრომითი კოლექტივების წარმომადგენლები იყვნენ და სასულიერო პირი პირველად აღმოჩნდა ასეთ როლში. ახლა ეკლესია ჯერ დეკანოზ გიორგი მამალაძეს გაუსწორდა, ხოლო დღეს უდანაშაულო ადამიანების ციხეში გაშვებაში დაეხმარა სახელმწიფოს”,– წერს კობახიძე.

მისი თქმით, ივერი მელაშვილის საქმეზე მთავარი მოწმე, არქიმანდრიტი კირიონ ონიანი ხარობდა მელაშვილი–ილიჩოვას დაკავებით.

“პროკურატურის მთავარი მოწმე და საზოგადოებრივი ბრალმდებელი არქიმანდრიტი კირიონ ონიანი, უცნობის გადაცემაში მელაშვილს და ილიჩოვას მოღალატეებს ეძახდა და ძლიერ ხარობდა მათი დაკავებით: მეო ეგენი დილეტანტს მეძახდნენო, არაფერი გესმისო, როგორ არ მესმის, მე კალკის ქაღალდი დავადე რუკას და ისე ამოვხაზეო, კითხვებს რომ ვუსვამდი იბნეოდნენო, ილიჩოვა პირდაპირ დაიცერცვაო (ეს რამე ახალი მართლმადიდებლური სიტყვაა?), ახლა რომ მელაშვილი ჩამოვიდა გარეჯში და თვალთმაქცურად ტიროდა ეგ არაკაციო, მაგაზე აგატა კრისტი წერს, რომ დამნაშავეები ყოველთვის ბრუნდებიან დანაშაულის ადგილზეო (როგორი განათლებული მამაო ყოფილა, და ის არ იცის, მამა ბრაუნი, დეტექტივი რომ ამბობს მღვდელმა უდანაშაულო ადამიანს ნახალკა არ უნდა შეტენოსო?)”,– ამბობს თეოლოგი.

ბასილ კობახიძე აღნიშნავს, რომ წმ.დავით გარეჯელის მიმართ მკრეხელობაა, როდესაც მისი მონასტრის წინამძღვარი ასეთი “არამზადაა”.

“ღარიბაშვილის პოლიტიკაში მობრუნებამ ააღორძინა ქართული სულიო, ივანიშვილს რომ გარეჯის ამბავი შევატყობინეთ გაოცდა და აღელდაო. და ასევე ათჯერ იმეორებს: აზერბაიჯანი შემოიჭრა, აზერბაიჯანი შემოიჭრა, კიდევ უფრო შორს შემოიჭრა. უპირველეს ყოვლისა, წმინდა დავით გარეჯელის მიმართ მკრეხელობაა, რომ მისი მონასტრის წინამძღვარი ასეთი არამზადაა, ამ მკრეხელობას მამა კირიონი იმით ვერ გააბათილებს, რომ ერთმორწმუნე რუსეთის დავალებებს ასე ზედმიწევნით ასრულებს”,– წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.