მელა საქათმის სახურავიდან ყვირის, რომ ქათმების ეშინია – ჯენ ფსაკი პუტინზე

თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი შეადარა მელას, რომელიც საქათმის სახურავიდან ყვირის, რომ ქათმების ეშინია.

“არ ვიცით, პრეზიდენტი პუტინი რას გააკეთებს და ჩვენი პასუხისმგებლობაა დიპლომატიისთვის ღია კარის დატოვება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიქნებით ჩვენი ღირებულებების ერთგული, რაც მოიცავს ჩვენსა და NATO-ს ქვეყნების რწმენას, რომ NATO-ს წევრების გადასაწყვეტი უნდა იყოს, ვინ შეძლებს გაწევრიანებას და კარი ღია უნდა იყოს.

[…] სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა მსგავსი ანალოგიები წარსულშიც გამოიყენა – როცა მელა საქათმის სახურავიდან ყვირის, რომ ქათმების ეშინია, რასაც ისინი ახლა არსებითად აკეთებენ, ეს შიში არაა ფაქტის დადასტურება. როდესაც ვუყურებთ, პრეზიდენტი პუტინი როგორ ყვირის უკრაინისა და უკრაინელების შიშზე, ეს არაა ფაქტის დადასტურება. ვიცით, ვინც არის მელა ამ შემთხვევაში. ვიხილეთ საზღვრებთან სამხედროების რიცხვის ზრდა, სამხედროების ბელარუსში გადაადგილება. ჩვენ დეესკალაცია და სამხედრო შეჭრის თავიდან აცილება გვირჩევნია. თუმცა, ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა პუტინმა უნდა მიიღოს”, – თქვა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამერიკას უკრაინასთან ომში “ჩათრევის” მცდელობაში ადანაშაულებს.