“მელიას გუშინდელი ეთერი, ალბათ ენმ-თან გამოსამშვიდობებელი საღამო იყო” – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანი, გიორგი ბოტკოველი აცხადებს.

„წუხანდელი ეთერი ვერ ვიტყვი, რომ ეთერი იყო. ალბათ, გამოსამშვიდობებელი საღამო იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“. როგორ უნდა მოინდომო ან რამ უნდა გაიძულოს, რომ ის პარტია, რომელ პარტიაშიც 8-9 წელია ხარ, იჭორავო, ლანძღო და ფაქტობრივად, იქ მყოფ ყველა ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენო.

რაც შეეხება ადეიშვილის საკითხს, მე რომ რამე ვთქვა, ნიკა მელია ადეიშვილს ჩემგან უნდა იცავდეს, იმიტომ, რომ სწორედ ზურა ადეიშვილი იყო, როგორც მე ვიცი, რომელიც ნიკა მელიას კარიერულ წინსვლას ხელს უწყობდა და სამი მაღალი თანამდებობა ჩვენი ხელისუფლების პირობებში მისი ხელშეწყობით გამოიცვალა. ის პრობაციის სამსახურის უფროსი, თბილისის აღსრულების ბიუროს უფროსი და ქვეყნის აღსრულების ბიუროს უფროსი იყო. სამივე ეს პოზიცია ადეიშვილის ხელშეწყობით მიიღო. არ ვიცი, მას რა უნდა თქვას ამით, ჩემთვის საერთოდ ეს ყველაფერი გაუგებარი და უკვე წარმოუდგენელია.

ფაქტობრივად, ჩვენ მოვისმინეთ, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აღარ არის და სურვილი აღარ აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყოს. არ ვიცი, ჩაკითხვებზეც ვისმენდით, რომ მზად იყო სხვა პარტია გაეკეთებინა, მაგრამ როგორც ჩანს სხვა პარტიასაც ვერ აკეთებს და იქ ადამიანები არ მიყვებიან. მაქსიმალურად ცდილობს, რომ ბოლომდე „ნაციონალური მოძრაობა“ დააზიანოს, მაგრამ მინდა, მასაც და ნებისმიერ იმ ადამიანს, ვინც „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიდის და მერე ლანძღავს პარტიას, ყველა ამ ადამიანს ვუთხრა, რომ ეს არცერთ წასულს არ წარსდგომია, მისი პოლიტიკური კარიერისთვის სიკეთე არ ყოფილა“, – განაცხადა ბოტკოველმა.