მელია უნდა გათავისუფლდეს, ოპოზიციამ პარლამენტში თავისი ადგილი უნდა დაიკავოს – კორტნი

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი ამბობს, რომ ნიკა მელიას დაკავება იყო “ძალიან ანტიდემოკრატიული ნაბიჯი, რომელმაც დასავლეთში შოკი გამოიწვია”.

ის ფორმულასთან ინტერვიუში სიტუაციიდან გამოსავლის გზებზე საუბრობს:

“პირველ რიგში, ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს. მეორე – ოპოზიციამ უნდა დაიკავოს საკუთარი ადგილი პარლამენტში. შეიძლება ერთობ რთულია ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ერთობლივი მუშაობა ახალი იდეების შესამუშავებლად. დემოკრატიულ ქვეყნებში გამოჩენილი მოქალაქეები ერთად სხდებიან, გამოდიან კონკრეტული იდეებით, ვფიქრობ, ახლა საქართველოში ამის დროა. საჭიროა, ადამიანები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, ერთად დასხდნენ და წარმოადგინონ იდეები პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

ასევე, შექმნან შესაძლებლობები განსაკუთრებით ღარიბი მოსახლეობისთვის და მოძებნონ შესაძლებლობები არჩევნების ჩასატარებლად, რომელიც საბოლოოდ იქნება თავისუფალი და სამართლიანი. საქართველოში დიდი ხნის წინ უნდა ჩატარებულიყო ასეთი არჩევნები. ეს უკრაინაში უკვე ვიხილეთ, მაგრამ საქართველოში არა”.

აშშ-ს ყოფილი ელჩი ამბობს, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გატარება არ იქნება სწორი, რადგან ამერიკა მეგობრებს სანქციებს არ უწესებს.

“სანქციებს იყენებენ იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულები არიან სასტიკ ქმედებებში. მაგალითად, ირანის, ან რუსეთის წინააღმდეგ გარკვეული ასპექტით. შეერთებული შტატები არ იყენებს სანქციებს მეგობრების წინააღმდეგ. საქართველო ჯერ კიდევ შეერთებული შტატების ახლო მეგობარია. ამერიკაშიც და ზოგადად, დასავლეთში, დარწმუნებულები არიან, რომ სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში ძლიერია, უფრო განვითარდება და ქვეყანა დაუბრუნდება დემოკრატიის გზას. სანქციების დაწესება ამ ეტაპზე არ იქნება სწორი”, – ამბობს უილიამ კორტნი ფორმულასთან საუბრისას.