ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კორონავირუსის მეორე ტალღა ნიშნავს, რომ ერთი ჩათავდება და მეორეს ზრდის ტემპით შევუერთდებით. მისი თქმით, თუ მოქალაქეები ამას პასუხისმგებლობით არ შეხედავენ, გაგრძელდება პირველის გადაბმა მეორეზე.
“ჩვენ მეორე ტალღამდე… მე მგონი ასეთი მომატებული ტემპით თუ წავედით, მეორე ტალღას შევუერთდებით. აუცილებელია არსებული სიტუაციის მოწესრიგება და შენარჩუნება. ამ შენარჩუნებას ვერ განსაზღვრავენ და ვერ შექმნიან ვერც მედპერსონალი, ვერც დაავადებათა ცენტრის წარმომადგენლები, რომლებიც თავგამოდებული მუშაობით არაჩვეულებრივად მოდიოდნენ და მოახერხეს ამ სიტუაციის შენარჩუნება და კონტროლირება, ეს არის დამოკიდებული თითოეულ ჩვენგანზე”,- ამბობს ეზუგბაია.
მისივე თქმით, შეზღუდვების მოხსნა არ ნიშნავდა, რომ თავისუფალი ცხოვრების წესით უნდა გვეცხოვრა, არამედ გარკვეული უნარ-ჩვევები უნდა შეგვენარჩუნებინა.
“არ უნდა შევქმნათ თავშეყრა, არ უნდა გავიდეთ სახლიდან ჯგუფურად და სადმე აუცილებელი მიზეზების გარეშე, წეს-ჩვეულებებისგან თავის შეკავება გვჭირდება, თორემ მეორე ტალღამდე მატებით წავალთ და შევუერთდებით მეორე ტალღას, მეორე ტალღა კი არ დაიწყება, გაგრძელდება პირველის გადაბმა მეორეზე, თუ ამას მოსახლეობა არ შეხედავს დიდი პასუხისმგებლობით”,- აცხადებს მარინა ეზუგბაია.
შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ 11 ივნისს განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევები, რომელთა წყარო ვერ დგინდება, შეიძლება შეფასდეს, როგორც მეორე ტალღა.
13 ივნისის მონაცემებით, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა.