მერკელი თვლის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო 2008 წელს, როდესაც უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირა

გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის პრესსპიკერი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას პასუხობს და აცხადებს, რომ მერკელი დღესაც თვლის, რომ სწორად მოიქცა როდესაც 2008 წელს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირა.  ამის შესახებ, მერკელის სპიკერმა, საინფორმაციო სააგენტო DPA-სთან განაცხადა.

  • “ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ მისი გადაწყვეტილება 2008 წელს ბუქარესტის სამიტის დროს, რომელიც ალიანსში უკრაინის დაბლოკვას ეხებოდა, სწორია”, – თქვა მერკელის პრესმდივანმა.

პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ანგელა მერკელი მხარს უჭერს საერთაშორისო ძალისხმევას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზებას ბუჩაში ჩასვლასთან დაკავშირებით არ გამოხმაურებია.

  • „იმ სისასტიკის გათვალისწინებით, რომელიც ახლა უკვე ჩანს ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში, ყოფილი კანცლერი სრულად უჭერს მხარს ყველა ძალისხმევას, რათა ბოლო მოეღოს ბარბაროსობას და რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ“, — განაცხადა პრეს-მდივანმა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალები გავიდნენ,  ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს. ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ბუჩაში დათმობის პოლიტიკის შედეგების სანახავად დაპატიჟა. რამეთუ ისინი NATO-ს ბუქარესტის 2008 წლის სამიტს ხელმძღვანელობდნენ.

„მეტი დასკვნებია საჭირო – არა მარტო რუსეთზე, ასევე იმ პოლიტიკურ ქცევაზე, რამაც რეალურად დაუშვა ეს ბოროტება ჩვენს მიწაზე. დღეს ბუქარესტში ნატო-ს სამიტის მეთოთხმეტე წელია. მაშინ გაჩნდა შანსი, უკრაინა გამოსულიყო „ნაცრისფერი ზონიდან“ აღმოსავლეთ ევროპაში, „ნაცრისფერი ზონიდან“ ნატო-რუსეთს შორის, „ნაცრისფერი ზონიდან“, რომელშიც მოსკოვს ჰგონია, რომ ყველაფრის უფლება აქვს, ყველაზე საშინელი ომის დანაშაულისაც კი. ოპტიმისტური დიპლომატიური ფორმულირებების მიღმა, თითქოს უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი. მაშინ, 2008 წელს უკრაინის ალიანსში მიღებაზე უარი იმალებოდა. იმალებოდა ზოგიერთი პოლიტიკოსის უაზრო შიში რუსეთის მიმართ. ისინი ფიქრობდნენ, რომ უკრაინაზე უარის თქმით შეძლებდნენ რუსეთის დამშვიდებას, დარწმუნებას, რომ პატივი სცეს უკრაინას და ნორმალურად იცხოვროს ჩვენ გვერდით. ამ მცდარი გამოთვლებიდან 14 წლის შემდეგ უკრაინა გადაურჩა რევოლუციას და დონბასში რვაწლიან ომს. ახლა კი ჩვენ ვიბრძვით საკუთარი სიცოცხლისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე საშინელ ომში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.