მეტეორული წვიმა: მაისის ბოლოს დედამიწა მეტეორული ნამსხვრევების შლეიფში გაივლის

30–31 მაისის ღამეს, შესაძლოა 31 მაისის ადრე დილით მენიერები ცაში ძლიერი მეტეორული წვიმის გამოჩენას ვარაუდობენ, ეს მეტეორული ნაკადი, რომელიც 72 კმ/წმ  სიჩქარით იმოძრავებს, შესაძლოა ხილული იყოს, ან უხილავი, თუმცა მოდელირება აჩვენებს, რომ სავარაუდოდ მისი დანახვა შესაძლებელი იქნება.

საიდან მოდის ეს ნაკადი: ხანმოკლე პერიოდულობის კომეტა 73P 3 თანდათანობით იშლება და უკვე 2022 წლის მაისის ბოლოსთვის დედამიწა ამ კომეტის ნამსხვრევების შლეიფში გაივლის, რის შედეგადაც მეცნიერების პროგნოზით  ძლიერი მეტეორული ნაკადი გაჩნდება სახელწოდებით ტაუ–ჰერკულიდები – წერს Universe Today.

სანამ უშუალოდ მეტეორულ ნაკადზე გეტყვით, უნდა გავიხსენოთ 1930 წელს  ხანმოკლე პერიოდულობის კომეტის,  73P/შვასმან–ვახმან 3–ის აღმოჩენა, რომელსაც უბრალოდ კომეტა 73P–საც უწოდებენ. ის ასტრონომებმა, არნოლდ შვასმანმა და არნო ვახმანმა აღმოაჩინეს. მზის გარშემო ის 5.4 წელიწადში ერთ სრულ წრეს აკეთებს. ასტრონომებს იმედი ქონდათ, რომ მას კარგად დაათვალიერებდნენ დედამიწის სიახლოვეს გავლისას – 9.2 მილიონი კილომეტრის მანძილზე. თუმცა კომეტა არცთუ ძლიერ აქტიურობას ავლენს, ამიტომაც მასზე დაკვირვება ვერ შედგა.

კომეტა 73P 1995 წელს

შემდეგ ჯერზე კომეტამ სიკაშკაშე 1995 წელს გამოაჩინა, როცა ასტრონომებმა კიდევ ერთხელ შენიშნეს. მართალია ის დედამიწიდან დაახლოებით 200 მილიონი კილომეტრის დაშორებით იყო, მეცნიერებმა შეძლეს და დაინახეს, რომ კომეტის ბირთვი 4 ცალკეულ ფრაგმენტად დაიშალა. როცა კომეტა 2006 წელს დედამიწასთან უფრო ახლოს მოვიდა, ასტრონომებმა დაინახეს, რომ მისი ბირთვი კიდევ რამდენიმე ფრაგმენტად დაიშალა.

როცა ნებისმიერი კომეტა მზეს უახლოვდება, გზად ნამსხვრევების ნაკადს, ერთგვარ შლეიფს ტოვებს. თუ მის გზაზე პლანეტა, მაგალითად დედამიწა აღმოჩნდა, ჩნდება მეტეორული წვიმა. ტაუ ჰერკულიდების  მეტეორულმა ნაკადმა ეს სახელწოდება იმის გამო მიიღო, რომ კომეტა მისი აღმოჩენისას ტაუ ჰერკულესის ვარსკვლავის სიახლოვეს იმყოფებოდა.

ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფი თვლის, რომ სავარაუდოდ 31 მაისის დილით დედამიწის მაცხოვრებლები შეძლებენ ტაუ–ჰერკულიდის მეტეორული ნაკადი დაინახონ, რომელსაც კომეტა 73P/შვასმან–ვახმან 3 თავის გზაზე დატოვებს. ყოველ შემთხვევაში, ამას პროგნოზირებს კომპიუტერული მოდელირება.

ასტრონომები თვლიან, რომ მეტეორული ნაკადი წელს შეიძლება კომეტის ჯერ კიდევ 1995 წელს დაშლის კვალი იყოს. თუმცა, ზოგი მეცნიერი თვლის, რომ ეს მისი შემდგომი დაშლის შედეგად წარმოქმნილი შლეიფია, რომელიც 2006 წელს შენიშნეს.

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ნაკადი შესაძლოა ვერც დავინახოთ და პროგნოზის სიზუსტეს მხოლოდ 31 მაისის დილით გავიგებთ. თუ მეტეორული ნაკადი ხილვადი იქნება, ასტრონომები ვარაუდობენ, რომ ის ძალიან მკაფიოდ გამოჩნდება დედამიწიდან.