მეუფე იაკობს კომპრომატები აქვს სახელმწიფო მოხელეებსა და საეკლესიო პირებზე – მამა ანდრია სარია

მღვდელმონაზონი ანდრია სარია ამბობს, რომ მეუფე იაკობი სუს-ის მესიჯებს ახმოვანებს და კომპრომატები აქვს, ამიტომ საპატრიარქო მას ვერაფერს უზამს.

“მოვლენები, რაც ეკლესიის გარშემო ვითარდება, საპატრიარქოს წარმომადგენლების და სუს-თან თანამშრომლობის ბრალია. უკვე დამალული და დაფარული არ არის, რომ მეუფე იაკობი, რომელიც ახმოვანებს სუს-ის მესიჯებს, არც მალავს, რომ მას აქვს კომპრომატები თვით სახელმწიფო მოხელეებზე და გარკვეულ საეკლესიო წარმომადგენლებზე, რომ საპატრიარქო მას ვერაფერს უზამს. ვინ უნდა დასვას მასზე საკითხი და ვინ გაბედავს. როდესაც მღვდელმთავარი ასეთ ტონალობაში საუბრობს, ეს უკვე არის დარღვევა. საეკლესიო კანონმდებლობის ნორმების ამოქმედების გარეშე ეკლესია დაირღვევა, დაიშლება”,- ამბობს ანდრია სარია.

ის ასევე აცხადებს, რომ ბოდბელი მიტროპოლიტი, მეუფე იაკობი სასმელს სვამს და შედეგ ნასვამ მდგომარეობაში ქადაგებს.

“იაკობი არის ერთ-ერთი მახინჯი ფორმა ეკლესიის იერარქთა შორის, რომელიც ცხადად ჩანს და მისი მიმართ არანაირი სანქცია არ დაწესებულა. ის, რომ სვამს, ეს ყველამ იცის და არაფერი არაა, თურმე მღვდელმთავარიც რომ შეიძლება ლოთობდეს და სმით იქადაგოს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ, ის, რასაც ნასვამ მდგომარეობაში აჟღერებს, ეს არის ყველაზე დიდი სიმახინჯე. ესაა ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა და არა ის, სინოდზე ჩემს ან მეუფე პეტრეს საკითხს დასვამენ თუ – არა. საზოგადოებაც დაიღალა, აღარ სურს, მეუფე იაკობის ამ სიგიჟის მოსმენა, ესაა მთავარი პრობლემა“,- განაცხადა მღვდელმონაზონმა ანდრია სარიამ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ მეუფე იაკობმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ საპატრიარქო ვერ გაანეიტრალებს, რადგან ყველაფრის ფაქტები აქვს. 

“სახელი მითხარით იმ ადამიანის, რომელმაც შენიშვნა უნდა მომცეს, რომელმა? ჭორებით არ უნდა მელაპარაკოთ. მე როგორ უნდა გამანეიტრალოს საპატრიარქომ, როდესაც თვითონ საპატარიარქოს წარმომადგენელი ვარ, რისთვის?! ჩემი შიშები აქვთ სხვა რამის გამო, იმიტომ, რომ ასე თუ გააგრძელეს მე ვთქვი, ყველაზე, ვინც გამოჩნდება, ყველაფერს ფაქტებით ვიტყვი. ჩემი ეშინიათ”- განაცხადა მეუფე იაკობმა.