მეჩეთად გადაკეთებულ აია სოფიაში პირველი ნამაზი ჩატარდა. ლოცვისას ქრისტიანული ფრესკები დაფარეს

სტამბოლში, აია სოფიას ტაძარში 86 წლიანი პაუზის შემდეგ  ნამაზი პირველად ჩატარდა. მასში თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიმ ერდოგანიც მონაწილეობდა.

მეჩეთად გადაკეთებული ტაძრის შიგნით მლოცველთა რაოდენობა კორონავირუსის პანდემიის გამო 500–ზე მეტი ვერ იქნებოდა, თუმცა სულთანაჰმედის მოედანზე, აია სოფიას წინ ათასობით მორწმუნე მუსულმანი შეიკრიბა. რელიგიის საქმეთა სამინისტროს შეფასებით პანდემიის დასრულების შემდეგ ტაძარში ერთდროულად რამდენიმე ათას ადამიანს შეეძლება ლოცვა.

სტამბოლის გუბერნატორმა მუსულმანებს მოუწოდა მეჩეთში თან წაეღოთ ნიღბები, სალოცავი ხალიჩები, “მოთმინება და გაგება“.

1453 წელს ოსმალების მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ ქრისტიანული ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა, თუმცა 1935 წელს მას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა. ივლისის დასაწყისში თურქეთის სახელმწიფო საბჭომ ეს დადგენილება გააუქმა, რამაც ქვეყნის ხელისუფლებას კანონიერი შესაძლებლობა მისცა კვლავ ჩაატარონ კომპლექსში მუსულმანური ღვთისმსახურება.

წმინდა სოფიას ტაძარი ბიზანტიური კულტურული მემკვიდრეობის ერთ–ერთ ყველაზე დიდ საგანძურად ითვლება. ტაძრის შიგნით მრავალი ძველებური ფრესკაა, რომლებიც მლოცველი მუსულმანების თვალისგან დაფარეს. ბევრი ისტორიკოსი და ხელოვნებათმცოდნე ღელავს ამ ფრესკების ბედზე, რომლებზეც ქრისტიანული წმინდანები არიან გამოსახული.

ასე დაფარეს მუსულმან მლოცველთა თვალისგან ქრისტიანული ფრესკები

ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რომში წმინდა პეტრეს ტაძრის აშენებამდე აია სოფია ქრისტიანულ სამყაროში ყველაზე დიდი ტაძარი იყო. 1985 წელს ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს. რომის პაპმა განაცხადა, რომ განაწყენებულია თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით წმინდა სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთების შესახებ.

თურქეთის პრეზიდენტი ერდოგანი ამბობს, რომ ტაძარი კვლავ რჩება მსოფლიო და ზოგადსაკაცობრიო მემკიდრეობად და აქ სტუმრობა ყველას შეეძლება, შესვლა კი უფასო იქნება. ერდოგანის ოპონენტები თვლიან, რომ ტაძარს სტატუსი პრეზიდენტის შერყეული რეიტინგის ასაწევად შეუცვალეს.