მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს

მეხანძრე-მაშველები 13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან მივიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

“მეხანძრე-მაშველებმა მემორიალთან კიდევ ერთხელ გაიხსენეს 6 წლის წინ გმირულად გარდაცვლილი თანამებრძოლი, ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც სამაშველო ოპერაციის დროს 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თავად კი უსაფრთხო ადგილზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 13 ივნისის ტრაგედიის დროს ერთ-ერთი პირველი მორეაგირე იყო. მეხანძრე-მაშველები იმ პერიოდში სტიქიის ეპიცენტრში მუშაობდნენ და მოქალაქეებს ეხმარებოდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, პირველადი რეაგირების გარდა, რამდენიმე კვირის განმავლობაში, სტიქიის სალიკვიდაციო, საძიებო და აღდგენით სამუშაოებში იყვნენ ჩართულები”,– აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

13 ივნისის ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა. მეწყერის ჩამოწოლის შედეგად მდინარე ვერეს ხეობაში წყალდიდობა 2015 წლის 12 ივნისის ღამეს მოხდა. დაიღუპა 21 ადამიანი, 2 კი დაკარგულად ითვლება.