მეხსიერების ბარათი, რომელიც ავტომობილის გასაღებს ეკეთა, დაკარგულია – ბაჩალიაშვილის მამა

თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, მისი შვილის კუთვნილი მეხსიერების ბარათი, რომელიც ავტომობილის გასაღებს ეკეთა, დაკარგულია.

მისივე თქმით, ეს მეხსიერების ბარათი ყველაფერს თავდაყირა დააყენებდა, რადგან მთელი ისტორია, ყველაფერი ამ „ფლეშკაზე” იყო შენახული“.

„დაკარგულია „ფლეშკა“, რომელსაც ხელიდან არ უშვებდა ბავშვი. ერთი რამ, რაც ძალიან მაინტერესებდა, გასაღებზე „ფლეშკა“ არ არის. როგორც 12 რიცხვიდან, 18 რიცხვამდე თავისი პირადი კომპიუტერის მონაცემები წაშლილია, იგივე არის ესეც, ეჭვი გეპარებათ ვინმეს? ვიღაც ადამიანი ცდილობს ყველა კვალის წაშლას.

ამასთან დაკავშირებით ხმას არ იღებს არავინ, ელოდებიან შემკვეთი რას იტყვის და ისე მოიქცევიან. აღმოჩენის დროს ეკეთა, ახლა აღარ არის, ყოველთვის ჰქონდა ეს „ფლეშკა“. ეს ყველაფერს თავდაყირა დააყენებდა, თამუნას მთელი ისტორია, ყველაფერი ამ „ფლეშკაში” იყო შენახული“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

დღევანდელ ექსპერტიზას „ჰიუნდაის” წარმომადგენლები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დამოუკიდებელი ექსპერტები და ექსპერტ-კრიმინალისტები ესწრებოდნენ.