მე ვცდილობდი არ დამეშვა ის, რაც დღეს ხდება. არ გამოვიდა–მერკელი

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა განაცხადა, რომ როცა ქვეყანას მეთაურობდა, ძალიან ცდილობდა, არ დაეშვა ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, თუმცა საკუთარ თავს არ ადანაშაულებს იმაში, რომ ეს ვერ შეძლო.

თანამდებობიდან წასვლის შემდეგ პირველ ინტერვიუში, რომელიც ბერლინის თეატრში მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე მიმდინარეობდა და ტელეეთერით გადაიცემოდა,  ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთის სასტიკ ქმედებებს გამართლება არ აქვს.

კითხვაზე მისი უარის შესახებ 2008 წელს ნატოში უკრაინის გაწევრიანების თაობაზე, მერკელმა აღიარა, რომ შიშობდა, ეს რუსეთს უბიძგებდა უკრაინისთვის ევნო. ომის შემდეგ ბევრმა გააკრიტიკა მერკელი ამ გადაწყვეტილების გამო იმ არგუმენტით, რომ  იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაზე ნატოს უსაფრთხოების გარანტიები გავრცელდებოდა, პუტინი ვერასოდეს გაბედავდა აქ ომის დაწყებას.

მერკელმა თქვა, რომ 24 თებერვალი გარდამტეხ მომენტად იქცა, ის ბევრს ფიქრობს ამაზე და მომხდარს მწუხარებით ადევნებს თვალს.

მერკელმა 2007 წელს სოჭში პუტინთან შეხვედრაც გაიხსენა. ეს შეხვედრა იმით იყო გამორჩეული, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ოთახში ძაღლი შეუშვა, არადა იცოდა, რომ მერკელს ძაღლების ეშინოდა. მერკელის თქმით, პუტინმა მაშინ უთხრა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო (პუტინმა ეს აზრი მანამდეც გამოთქვა, თუმცა დასავლური აუდიტორიის წინაშე ამაზე საჯაროდ საუბარი მხოლოდ მოგვიანებით დაიწყო), მერკელმა კი უპასუხა, რომ მისთვის, ადამიანისთვის, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიაში დაიბადა, საბჭოთა კავშირის კრახი ცხოვრებაში ყველაზე დიდ წარმატებად იქცა. როგორც მერკელი ამბობს, ის მაშინ მიხვდა, რომ ის და პუტინი სამყაროს განსხვავებულად უყურებდნენ და ვერასოდეს შეთანხმდებოდნენ დემოკრატიულ ფასეულობებზე.