მე “ოცნების” სატელიტი კი არა, საკონტროლო პაკეტის მფლობელი ვიქნები – ძიძიგური

კონსერვატიული პარტიის ლიდერის, ზვიად ძიძიგურის თქმით, ის სააკაშვილს კოალიციას არ შეუქმნის, თუმცა ივანიშვილთან თანამშრომლობას განიხილავს. მისი თქმით, მიუღებელია ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის ტოლობის ნიშნის დასმა.

ძიძიგურის განცხადებით, ის პარტიები, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობას ან ქართულ ოცნებას კოალიციას შეუქმნიან, არა მათი სატელიტები, არამედ საკონტროლო პაკეტის მფოლობელები იქნებიან.

“ლაპარაკობენ სატელიტები და ა.შ. კოალიციური მთავრობა ნიშნავს, რომ საკონტროლო პაკეტს ფლობს ყველა, ვინც მონაწილეობს კოალიციურ მთავრობაში. მე პირობითად ვამბობ, 3% აიღო ერთმა რომელიმე პარტიამ, მეორემ 5%, ქართულმა ოცნებამ აიღო 46% და სამმა პარტიამ გააკეთა კოალიცია. ყველა პარტია არის საკონტროლო პაკეტის მფლობელი.

სააკაშვილს ვინც შეაქმნევინებენ კოალიციას ისინი სატელეტებად წასასვლელად ემზადებიან? სატელიტებად კი არა, ხელისუფლებაში მიდიან”. [ოცნების] სატელიტი როგორ ვიქნები, საკონტროლო პაკეტის მფლობელი ვიქნები, ჩვენ თან არას თქმაც შეგვიძლია”,– ამბობს ძიძიგური ტვ პირველის ეთერში.