მე-19 გარდაცვლილი სახლში მკურნალობდა, მასთან დაავადება მსუბუქად მიმდინარეობდა – ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვილი მე-19 პაციენტი სახლში მკურნალობდა და მასთან დაავადება მსუბუქად, თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.

ექიმის თქმით გარდაცვლილს და უვლიდა, რომელიც ასევე კოვიდინფიცირებულია.

“მე-19 გარდაცვლილს აღენიშნებოდა მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა, იყო ჭარბწონიანი, ამ პრობლემების გამო ძალიან დატვირთული ფსიქოემოციური სფერო. პაციენტი მეთვალყურეობდა ბინაზე, მას უვლიდა მისი და, ისიც ასევე კოვიდინფიცირებული, მათი მეთვალყურეობა ჩვენ მიერ ხდებოდა, უშუალოდ მე მქონდა კომუნიკაცია პაციენტის დასთან და დღის განმავლობაში რამდენჯერმე გვქონდა კომუნიკაცია.

დაავადება მიმდინარეობდა ორივესთან მსუბუქად, თითქმის უსიმპტომოდ, მაგრამ განვითარდა ცხიმოვანი ემბოლია, როგორც ახასიათებს ასეთ მოტეხილობებს და პაციენტი გარდაიცვალა ამ მიზეზის გამო”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, პაციენტის ინფიცირების წყარო ლენჯერია. ეზუგბაიას ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახის 3 წევრია ინფიცირებული, ისინი სტაციონარში გადაიყვანეს.