ინფექცია დასასრულისკენ მიდის – ლევან გოფოძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე აცხადებს, რომ ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა შემცირდა, გამოჯანმრთელებულების – გაიზრდა, ამიტომ ინფექცია დასასრულისკენ მიდის.

,,პროგნოზები არამხოლოდ სინგაპურის, არამედ სხვადასხვა უნივერსიტეტებმაც დადეს, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაშიც. ასეთი პროგნოზები ძალიან კარგია. ვფიქრობ, ოპტიმისტური განცხადებაა და კარგია თუ 6 ივნისისთვის დავამთავრებთ კორონავირუსთან ბრძოლას. ფაქტია, რომ უკანასკნელ ხანებში ასეთი ზრდა აღარ შეინიშნება, შემცირდა კოვიდინფიცრეუბლი პაციენტების რაოდენობა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც საგრძნობლად მატულობს.

ჩვენ მზად ვართ 26 მაისსაც დავამთავროთ კორონავირუსი, პროგნოზებს წინ გავუსწროთ და ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. მაშინ ყველანი უფრო ბედნიერები ვიქნებით და ჩვენ სამუშაოს უფრო სერიოზულად დავუბრუნდებით. ფაქტია, ყველა ქვეყანამ დაიწყო დაღმასვლა, მართალია არ შეწყვეტილა ახალი შემთხვევების მატება, მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი და ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი იკლებს ყველა იმ ქვეყანაში რომელიც „ლიდერობდა“ ამ კოვიდინფექციაში ასე, რომ უნდა ვიფიქროთ, რომ ინფექცია მიდის დასასრულისკენ,“ – თქვა ლევან გოფოძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 604 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 240 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 გარდაიცვალა.