მზად ვარ, ავიღო ეს პასუხისმგებლობა და ეროვნული ლიდერი გავხდე – ტიხანოვსკაია

ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავარი მოწინააღმდეგე, სვეტლანა ტიხანოვსკაია მორიგ ვიდეო მიმართვაში აცხადებს, რომ მზად არის ეროვნული ლიდერი გახდეს. ამის შესახებ მან ვიდეო მიმართვა  გაავრცელა.

„თქვენ მე მომეცით საკუთარი ხმები და ამას ძალიან ვაფასებ. ზუსტად ვიცი, რატომ გააკეთეთ თქვენ ეს: ჩვენ ყველას გვსურს ამ დაუსრულებელი წრიდან გამოსვლა, რომელშიც 26 წლის წინ აღმოვჩნდით. მზად ვარ საკუთარ თავზე ავიღო პასუხისმგებლობა და ამ პერიოდში ვიმოქმდო როგორც ეროვნულმა ლიდერმა, რათა ქვეყანა დამშვიდდეს და ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს, რათა ჩვენ გავათავისუფლოთ ყველა პოლიტპატიმარი, უმოკლეს დროში მოვამზადოთ საკანონმდებლო ბაზა და პირობები ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზებისთვის“, – განაცხადა მან ვიდეომიმართვისას.

ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატმა ქვეყნის უსაფრთხოების ძალებსა და სამართალდამცავებს მოუწოდა, ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლების მხარდაჭერა შეწყვიტონ და აღნიშნა, რომ თუკი ასე მოიქცევიან, აპატიებენ იმას, რაც აქამდე ჩაიდინეს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსი დატოვა და ლიეტუვას შეაფარა თავი. გამგზავრების შემდეგ მან გაავრცელა ვიდეო მიმართვა, სადაც აცხადებდა, რომ ქვეყანა საკუთარი შვილების უსაფრთხოების გამო დატოვა, თუმცა მოკლე ხანში კიდევ ერთი ვიდეო მიმართვა გაავრცელა და ბელარუსელებს საპროტესტო აქციების გაგრძელოებისკენ მოუწოდა.