მთავრობა ბრიფინგს ვეღარ მართავს, ჩუმად დადიან – ზაალ უდუმაშვილი

მთავრობა პრაქტიკულად ბრიფინგს ვეღარ მართავს. ჩუმად დადიან, საკუთარი კამერებით იღებენ და შემდეგ ავრცელებენ, ეშინიათ ჟურნალისტების, იმიტომ, რომ ყველა ჟურნალისტის კითხვა, ვინც კი მივა ბრიფინგზე არის- „როდის გადადგებით?“ – ამის შესახებ ენმ-ის ერთ -ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა პარლამენტთან განაცხადა.

„ჩვენი მოთხოვნა უცვლელია. როგორც აქციები, ასევე პროტესტი სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება მანამ, სანამ ღარიბაშვილი არ დატოვებს პოსტს და არ აიღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, მთელი მთავრობაც. ბუნებრივია, ახლა ღარიბაშვილი ცდილობს მაგარი ბიჭის როლი ითამაშოს. მეორე უკიდურესობაც გააჩნია ამ ყველაფერს – ჩვენ ვხედავთ, რომ მთავრობა პრაქტიკულად ბრიფინგს ვეღარ მართავს. ჩუმად დადიან, საკუთარი კამერებით იღებენ და შემდეგ ავრცელებენ, ეშინიათ ჟურნალისტების, იმიტომ, რომ ყველა ჟურნალისტის კითხვა, ვინც კი მივა ბრიფინგზე არის – „როდის გადადგებით?“ ეს არის მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხი უნდა გასცეს. ამ რეჟიმში როგორ წარმოუდგენია „ოცნებას“ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება, როცა ჟურნალისტებს ვერ ენახება?! მოუწევს ივანიშვილს ღარიბაშვილის გადაყენება, რადგან სხვა გამოსავალი ხელისუფლებას არ გააჩნია“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.