მთავრობა შეზღუდვების მიღებისას არჩევანის წინაშეა, სიღარიბით დაკარგავთ სიცოცხლეს თუ კოვიდით – ჯაფარიძე

პარტია გირჩის ლიდერი და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ საქართველოში ადამიანები განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით 10 წლით ნაკლებს ცოცხლობენ, რასაც სიღარიბე იწვევს.

“ჩვენს ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არის 74 წელი, ქალების 78 წელი, კაცების – 70 წელი. თუ შევადარებთ ევროპის ქვეყნებს, სხვაობა გვაქვს 10 წელი. ანუ 10 წლით უფრო დიდხანს ცოცხლობენ განვითარებულ ქვეყნებში ადამიანები. ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ ქართველებს რაღაც გენეტიკური დეფექტი გვაქვს, ერთერთი მიზეზი აქვს სინამდვილეში – სიღარიბე”,- ამბობს ჯაფარიძე ტვ პირველის ეთერში.

მისი განმარტებით, იმის გამო, რომ ღარიბები ვართ, უფრო ცუდი განათლება გვაქვს, ამიტომ ნაკლები შემოსავალი გვაქვს, შესაბამისად საკუთარ თავზე ზრუნვა ნაკლებად შეგვიძლია.

ჯაფარიძის თქმით, სიღარიბის გამო ქვეყანას ცუდი ჯანდაცვის სისტემა აქვს, ასევე, ადამიანები წამლებს ვერ ყიდულობენ, რის გამოც დიდხანს ვერ ცოცხლობენ – ეს ყველაფერი კი სიღარიბიდან გამომდინარეობს.

მისივე განცხადებით, მთავრობის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა ქართველი ხალხი კიდევ უფრო გააღარიბა, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო ნაკლებს ვიცხოვრებთ. ამიტომ როდესაც მთავრობა შეზღუდვებს აწესებს, არჩევანის წინაშე დგას, სიღარიბით დაკარგავენ ადამიანები სიცოცხლეს თუ კორონავირუსით.

“როდესაც საუბარი არის გადაწყვეტილებაზე, შეზღუდვები დავაწესოთ თუ არა, სასწორის ორივე მხარეს არის სიცოცხლეები. ან სიღარიბეში მივდივართ და ნაკლებს ვცხოვრობთ და აქაც სიცოცხლეს ვკარგავთ, ან კოვოდისგან ადამიანები კვდებიან და აქაც სიცოცხლეს ვკარგავთ. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება, შეზღუდვები დააწესო თუ არა, არის მორალური გადაწყვეტილება. მთავრობამ უნდა აწონოს, რომელი სიცოცხლეები უფრო ძვირფასია, აქეთ პინაზე თუ იქით პინაზე, რაც სიგიჟეა, სიცოცხლეს ფასი არ აქვს”,- ამბობს ჯაფარიძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ის არის, რომ ადამიანებს მთავრობამ უთხრას, კოვიდი ასეთი ინფექციაა, მეცნიერულად დადასტურებულია, რომ პირბადეს თუ გაიკეთებ, ჰიგიენას და დისტანციას თუ დაიცავ, დანარჩენი შენი ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა.