მთავრობა ხვალ დამატებით შეზღუდვებზე იმსჯელებს

ჯანადცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ხვალ პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშილის მეთაურობით საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც დამატებით რეგულაციებს განიხილავენ.

მისივე თქმით, ბოლო კვირაში რეგულაციების აღსრულებაზე მონიტორინგი გამკაცრდა.

“ეპიდსიტუაცია, გეთანხმებით, საკმაოდ რთულდება. ამისათვის ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექციის მხრიდან არის გამკაცრებული ღონისძიებები და ინტენსიური მონიტორინგი, ასევე, გამკაცრდა დაჯარიმებები. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხრიდან მსგავსი მიდგომა შენარჩუნდეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა, პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანციის დაცვა, რომ მოხდეს დროული შეკავება ინფექციის გავრცელების.

დღეს ჩვენ გვქონდა 1 790 ინფიცირების შემთხვევა და უკვე აქტიური შემთხვევების რაოდენობა 10 ათასს აღემატება, რაც რა თქმა უნდა, ასევე, ზრდის ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე. მნიშვნელოვანი არის, რომ ვიმსჯელოთ ამასთან დაკავშირებით და ხვალ პრემიერმინისტრის მეთაურობით მოწვეულია კოვიდ-საბჭო, სადაც ჩვენ განვიხილავთ იმ დამატებით რეგულაციებსა და ღონისძიებებს, რომელიც იქნება ეფექტური და რომლის გამოყენებაც განხორციელდება”, – განაცხადა ტიკარაძემ.