მთაწმინდაზე, სადაც ჩემი ოჯახის წევრები აძლევდნენ ხმას, 29 ხმა 3-ად გადაგვიკეთეს – ელისაშვილი

პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ 31 ოქტომბერს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. ის კონკრეტულ ოლქებსაც ასახელებს, სადაც ხმები მასშტაბურად დააკლეს.

“ყველაზე მეტად ვაკვირდებოდი, რა თქმა უნდა, საბურთალოს ოლქს, სადაც ყველაზე მეტი დამკვირვებელი გვყავდა. აქ არის მთელი რიგი უბნები, მაგალითად, მე–11, მე–6, მე–14, მე–7, მე–8, მე–12, სადაც, არის სულ დაუბალანსებელი ოქმები. ეს დაუბალანსებელი ოქმები, რა თქმა უნდა, არა ჩვენს სასარგებლოდ. არის მთაწმინდაზე ოლქი, სადაც 29 ხმა მივიღეთ და ის 29 არის გადაკეთებული 3–ად. ეს ოხერი, სულ მცირე ჩემი ოჯახის წევრები აძლევდნენ იქ ხმას. უბინძურესი არჩევნები ჩატარდა, ძალიან ჭუჭიანად ჩატარდა და იყო გაყალბება, ტოტალური გაყალბება თუ რამეს ჰქვია, ჰქვია 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს”,– ამბობს ელისაშვილი მთავარ არხთან საუბრისას.

ცნობისთვის, ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ოპოზიციური პარტიები კვირას, 15:00 საათზე მასშტაბურ აქციას გეგმავენ.