მთელი ტყეც რომ გადაეცეს ეკლესიას, ამისგან სიკეთეს მხოლოდ ჩვენი შვილები მიიღებენ – მეუფე ნიკოლოზი

“მთელი ტყეც რომ გადაეცეს ეკლესიას, ამისგან სიკეთეს მხოლოდ ჩვენი შვილები მიიღებენ”,- ასე ეხმიანება ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ტყის კოდექსში შესულ ცვლილებებს.

მისი თქმით, თუ არჩევნებზე ადამიანის გულის მოგება გინდა, ტყე კი არა, რამე ისეთი უნდა აჩუქო, საიდანაც სარგებელს მიიღებს, ეკლესია რას ისარგებლებს ამით, არ იცის.

„იმისგან, რომ ტყე გადაეცემა ეკლესიას, ვთქვათ, მთელი ტყეც რომ გადაეცეს, ამისგან სიკეთეს მიიღებენ მხოლოდ ჩვენი შვილები. ტყეს არ ეცვლება სტატუსი, ტყე რჩება ტყედ და ის კანონები, რაც ზოგადად ტყეს იცავს, ძალაშია ყველაფერი. ტყე მე თუ გადმომეცემა, არავინ მაპატიებს იმას, რომ ეს ტყე გავჩეხო ან გავყიდო, ან რა უნდა ვუყო? – უნდა მოუარო ერთადერთი. ჩემთვის ეს რთულია, დამატებითი დავალებაა, პასუხისმგებლობა.

გულის მოგება თუ გინდა ადამიანის, ტყე კი არ უნდა აჩუქო, რამე ისეთი უნდა აჩუქო, საიდანაც სარგებელს მიიღებს და ეკლესია რას ისარგებლებს? არ ვიცი, არ მესმის,“- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა „რუსთავი2“-თან.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 22 მაისს საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.

ცვლილებები შევიდა სახელმწიფო ქონების შესახებ კანონშიც. პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს კოდექსში ცვლილებების ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, (არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში) და ასევე, საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.