მივესალმებით დავის გადაწყვეტას სასამართლოში – არგანაშვილი საპატრიარქოს საჩივარზე

ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”(PHR) ანა არგანაშვილი ეხმიანება საპატრიარქოს მიერ პანსიონიდან ბავშვთა გაყვანის გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

მისი თქმით, საქმის სასამართლოს გზით გადაწყვეტას მიესალმებიან, ამიტომ პროცესისთვის მოემზადებიან.

“მეგობრებო, ჩვენ მივესალმებით სამართლებრივ სახელმწიფოში დავის გადაწყვეტას სასამართლოში რადგან, ყველაფრის გასაჩივრება და სამართლებრივი დავა უკეთესია, ვიდრე არასამართლებრივი მეთოდებით გარჩევები.

რა თქმა უნდა, მშვიდად მოვემზადებით არსებითი განხილვისთვის და ჩვენ არგუმენტაციას სასამართლოზე წარმოვადგენთ. საზოგადოება ნახავს, რა კარგია როდესაც სასამართლო განიხილავს ბავშვთა უფლებებს, როცა კანონი და კონსტიტუცია არის უზენაესი და არა სხვა ტიპის ძალაუფლება. კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ. ასე რომ, ვემზადებით პროცესებისთვის”,– წერს არგანაშვილი.

მისივე განმარტებით, გასაჩივრება დროებით განჩინებას არ აჩერებს, ძირითადი დავა კი მალე დაიწყება.

საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ გაასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვთა გამოყვანის შესახებ.

ცნობისთვის, გუშინ სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა, შესაბამისად, დაწესებულებიდან არასრულწლოვნების გაყვანა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე ღლონტმა მიიღო.