მივესალმებით უკრაინის თავშეკავებულ პოზიციას პროვოკაციების ფონზე – EU

ევროკავშირი გმობს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან მძიმე შეიარაღების გამოყენებას და ტერიტორიების დაბომბვას და მიესალმება უკრაინის პოზიციას.

“რუსეთის შეიარაღებული ძალების მასიური გაძლიერება უკრაინაში და მის გარშემო კვლავაც დიდ შეშფოთებას იწვევს. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს დეესკალაციისკენ უკრაინის საზღვრებიდან სამხედრო ძალების არსებითი გაყვანის გზით. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს დეესკალაციისკენ უკრაინის საზღვრებიდან სამხედრო ძალების არსებითი გაყვანის გზით.

ევროკავშირი გმობს მძიმე შეიარაღების გამოყენებას და სამოქალაქო ტერიტორიების დაბომბვას, რაც წარმოადგენს მინსკის შეთანხმებების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევას. ჩვენ მივესალმებით უკრაინის თავშეკავებულ პოზიციას მუდმივი პროვოკაციებისა და დესტაბილიზაციის მცდელობების ფონზე”, – წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს ინსცენირებული მოვლენებით, რაც შეიძლება რუსეთმა გამოიყენოს სამხედრო ესკალაციის საბაბად.

“ევროკავშირი ინფორმაციის მანიპულირების მცდელობების გააქტიურების მოწმეა ამ მიზნების მხარდაჭერისთვის. ამ კონტექსტში, მტკიცედ გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის მიმართ, რომლის დამკვირვებლები მთავარ როლს ასრულებენ დეესკალაციის პროცესში. ამ მისიას უნდა მიეცეს უფლება, შეასრულოს თავისი საქმე შეზღუდვების გარეშე აღმოსავლეთ უკრაინაში ხალხის სასარგებლოდ და უსაფრთხოებისთვის”, — ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, ვერ ხედავენ ბრალდებების საფუძველს დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების არასამთავრობო კონტროლირებადი ტერიტორიებიდან უკრაინის შესაძლო თავდასხმის შესახებ.

“ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს ჩაერთოს მნიშვნელოვან დიალოგში, დიპლომატიაში, გამოიჩინოს თავშეკავება და დეესკალაცია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ სამხედრო აგრესიას ექნება მასიური შედეგები და საპასუხოდ მძიმე ხარჯები, მათ შორის პარტნიორებთან კოორდინირებული შემზღუდავი ზომები.

ევროკავშირი იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”,– წერია განცხადებაში.