მივიღე გადაწყვეტილება, რომ წავსულიყავი ყველაზე რთულ ოლქში – ოქრუაშვილი

“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ყველაზე რთულ ოლქში კენჭისყრის გადაწყვეტილება მიიღო. “რაც მეტია სირთულე, მით უფრო საინტერესოა მათი გადალახვა”,– თქვა ოპოზიციის საერთო კანდიდატმა საბურთალოს ოლქში.

მისი განცხადებით, შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილება მისთვის დიდი პატივი და გამოწვევაა.

„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ამ ორ ოლქზე(დიდუბე-ჩუღურეთი და საბურთალო) დაგვესრულებინა საერთო შეთანხმება, რომ სახელისუფლებლო მედიას და პარტიას არ ჰქონოდა ის ქილიკი, რასაც ის ორი თვის განმავლობაში აგრძელებდა, რომ თითქოს ოპოზიციას არ შესწევს იმის ძალა და უნარი, სრულფასოვნად შეთანხმდეს თბილისის ოლქებზე. ეს შეთანხმება შედგა. ჩემთვის არის ძალიან დიდი გამოწვევა და პატივი, რომ ოპოზიციური თანხმობით ვიქნები დასახელებული საბურთალოს ოლქში. სხვადასხვა შემოთავაზებები იყო ამ ორი თვის განმავლობაში და მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ წავსულიყავი ყველაზე რთულ ადგილას. ჩემთვის ასეა ცხოვრება – რაც მეტია სირთულე, მით უფრო საინტერესოა მათი გადალახვა“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

კითხვაზე, რა შეიცვალა ივნისის შემდეგ, როცა მან განაცხადა, რომ არ იქნებოდა მაჟორიტარობის კანდიდატი, ოქრუაშვილი ამბობს, რომ შეთავაზება თავად ოპიზიციის მხრიდან მიიღო.

„შეიცვალა ის, რომ ეს არ იყო ჩემი გადაწყვეტილება, ეს იყო შემოთავაზება ოპოზიციური ლიდერების მხრიდან, ეს იყო ჩემი ერთგვარად წინა ხაზზე გაშვება ამ გაერთიანების მხრიდან და მე ამას სიამოვნებით დავთანხმდი, მაგრამ ვიდრე არსებობდა გარკვეული სახის პატარა პრობლემა, რომ შეიძლება ჩემი კანდიდატურა ხელისშემშლელი გამხდარიყო საერთო შეთანხმების მიღწევისთვის, მე ამ დროს გავერიდე პროცესს და ბუნებრივია, როცა მივიღე შეთავაზება, მხოლოდ მას შემდეგ დავთანხმდი“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ოპოზიციური პარტიები თბილისში დარჩენილ 2 მაჟორიტარულ ოლქზეც შეთანხმდნენ. საბურთალოზე საერთო კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი იქნება, დიდუბე ჩუღურეთში კი ზურაბ ჯაფარიძე.