“მილიონში ერთი შემთხვევა“– ორმაგი საშვილოსნოს მქონე ამერიკელმა ქალმა ორ დღეში ორი ბავშვი გააჩინა

ამერიკელმა ქალმა იშვიათი პათოლოგიით – ეგრეთ წოდებული “ორრქიანი საშვილოსნოთი” – ორ დღეში ორჯერ იმშობიარა. პროცესი  სულ 20 საათს გაგრძელდა.

32 წლის კელსი ჰეჩერს ერთი ქალიშვილი შეეძინა სამშაბათს, მეორე კი ოთხშაბათს. ეს მოხდა ალაბამას უნივერსიტეტში ბირმინგემის (UAB) საავადმყოფოში.

გოგონები ტყუპებად ითვლებიან, მაგრამ მათი დაბადების დღეები არ ემთხვევა, რაც იშვიათია.

ოჯახი სახლში დაბრუნდა, რათა “შობის დღესასწაულით დატკბნენ”, – თქვა ჰეტჩერმა. მანამდე იგი ვარაუდობდა, რომ მშობიარობა ზუსტად შობის დღესასწაულს დაემთხვეოდა.

UAB-ის მეანმა დაადასტურა, რომ დედა და ახალშობილები თავს კარგად გრძნობდნენ და განუცხადა მედიას, რომ მისი პროფესიის ადამიანების უმეტესობა “მთელი კარიერის მანძილზე ასეთი იშვიათი მშობიარობის შემთხვევას ვერ ხვდება.“

17 წლის ასაკში ჰეჩერს უთხრეს, რომ მას ორმაგი საშვილოსნო ჰქონდა (uterus didelphys).

UAB-ის თანახმად, ეს იშვიათი თანდაყოლილი ანომალიაა, რომელიც გვხვდება ქალების 0.3%-ში. და ორივე საშვილოსნოში ნაყოფით ჩასახვის შანსი კიდევ უფრო დაბალი იყო, „მილიონიდან ერთი“, – აცხადებენ UAB-ის ექიმები.

ასეთი შემთხვევები მსოფლიოში ძალზე იშვიათია. 2019 წელს ბანგლადეშელმა ექიმმა მედიას უთხრა, რომ  რომ ქალმა ტყუპები გააჩინა სხვა საშვილოსნოდან მას შემდეგ, რაც მანამდე ერთი თვით ადრე ერთი საშვილოსნოდან ნაადრევად გააჩინა ბავშვი.

ჰეტჩერის წინა სამმა ორსულობამ ნორმალურად ჩაიარა. ამჯერად მას სჯეროდა, რომ მხოლოდ ერთ შვილზე იყო ორსულად – სანამ ექოსკოპიურმა გამოკვლევამ არ აჩვენა, რომ ემბრიონი მეორე საშვილოსნოშიც ვითარდებოდა.

”ჩვენ უბრალოდ არ გვჯეროდა ამის”, – იხსენებს ის.

მან განაგრძო თავისი უჩვეულო ორსულობის დოკუმენტირება ინსტაგრამზე.

საავადმყოფოში ორსულობას საკმაოდ ნორმალური უწოდეს. პროფესორმა რიჩარდ დევისმა, რომელმაც მშობიარობა მიიღო,  აღნიშნა, რომ თითოეულ ბავშვს ეძლევა „დამატებითი სივრცე ზრდისა და განვითარებისთვის“.

მისი თქმით, ეს იმიტომ მოხდა, რომ თითოეულ ბავშვს ჰქონდა საკუთარი საშვილოსნო – ჩვეულებრივ ტყუპებზე ორსულობისგან განსხვავებით.

მშობიარობის სტიმულირება ჰეტჩერს 39 კვირაზე დასჭირდა. მშობიარობა ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა, სიტუაცია ორმაგ ყურადღებას მოითხოვდა დედისა და ბავშვებისთვის და მას ერთდროულად მეან–გინეკოლოგების ორი ჯგუფი ესწრებოდა.

ეს აღმოჩნდა ჰეტჩერის შემთხვევის “ყველაზე უჩვეულო” ასპექტი, თქვა ექიმმა შვეტა პატელმა საავადმყოფოს მეან-გინეკოლოგიური განყოფილებიდან.

UAB-ის თანამშრომლებს არ ჰქონდათ „ბევრი მონაცემი“ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ სიტუაციას, განუცხადა ექიმმა პატელმა, და იძულებულნი გახდნენ გამოეყენებინათ თავიანთი ცოდნა ტიპიური ორსულობის შესახებ.

პირველი გოგონა, როქსი, 19 დეკემბერს ადგილობრივი დროით დაახლოებით 19:45 საათზე ვაგინალურად დაიბადა. მეორე, სახელად რებელი, საკეისრო კვეთით 10 საათზე მეტი ხნის შემდეგ დაიბადა.

“ორრქიანი“ საშვილოსნო არის თანდაყოლილი პათოლოგია, რომლის დროსაც ეს ორგანო  ზედა ნაწილში ორად იყოღა. ზოგიერთ შემთხვევაში, საშვილოსნოს ორივე ნაწილი შეიძლება იყოს სრულად განვითარებული ორგანოები – მაშინ ემბრიონს შეუძლია ჩვეულებრივად განვითარდეს.