“მიმდინარეობს პატრიოტთა ალიანსის ჩანაცვლების პროცესი“–ზურაბიშვილი ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლაზე

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი თვლის, რომ ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლა შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის პროექტი იყოს, რომელმაც გადაწყვიტა ყავლგასული ძალები, რომლებმაც საკუთარი რესურსი ამოწურეს ახალი ძალებით ჩაანაცვლოს:

“ვინც ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილს აკვირდება, ალბათ შეამჩნევდა, რომ მისთვის ფრიად დამახასიათებელია კონტროლქვეშ ჰყავდეს ყველანაირი ტიპის პოლიტიკური მიმდინარეობები. ის ცდილობს ჰყავდეს საკუთარი პროდასავლელებიც და პრორუსებიც, დემოკრატებიც და ფაშისტებიც, მემარცხენეებიც და მემარჯვენეებიც, თან ისე, რომ მის მიერ კონტროლირებადი პრორუსული და პროფაშისტური ფლანგი არ დომინირებდეს მის საკუთარ პარტიაში, არამედ სხვა პარტიის სახით იყოს წარმოდგენილი. ბიზნესის ენით რომ ვთქვა, ბიძინა ცდილობს პოლიტიკურ ბაზარზე ყველა სეგმენტი მოიცვას და სადაც სრულ მონოპოლიას ვერ დაამყარებს, წილი მაინც ჰქონდეს.

კარგა ხნის მანძილზე ასეთი კონტროლირებადი პროფაშისტულ-პრორუსული პარტიის ფუნქციას ასრულებდა პატრიოტთა ალიანსი, ხოლო მის პარალელურად იქმნებოდა ქართული მარშის და ქართული იდეის ტიპის საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ბუნებრივია, ამ ფლანგის გააქტიურება თითქმის ყოველთვის “ემთხვეოდა” ხელისუფლების საჭიროებებს და როგორც წესი ოპოზიციის და ანტისახელისუფლებო პროტესტის წინააღმდეგ იყო მიმართული. გამონაკლისებიც ხდებოდა, თუმცა ძალიან იშვიათად და ადგილობრივი პრორუს-პროფაშისტების თვითშემოქმედება სოლოლაკის უხილავი ხელის მიერ სწრაფად აღიკვეთებოდა ხოლმე.

ეს კი ასე იყო, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბიძინა ივანიშვილს ინგლისის იმპერიასავით აქვს მუდმივი ინტერესები, მაგრამ არ ჰყავს მუდმივი მეგობრები. ის ამა თუ იმ ადამიანურ რესურსს, ამა თუ იმ პარტიას და ჯგუფს იყენებს მანამ, სანამ მისი აზრით ეს უკანასკნელები ასრულებენ თავის ფუნქციას. როგორც კი ბიძინა ჩათვლის, რომ რომელიმე მათგანმა ამოწურა შესაძლებლობები, ის დაუნანებლად აგდებს მათ და იწყებს ახალი რესურსის ძიებას.

ვფიქრობ, ახლა დადგა სწორედ ის მომენტი, როდესაც ბიძინას თვალში პატრიოტთა ალიანსის, ქართული მარშის და სხვა არსებული პრორუსულ-პროფაშისტური ძალების რესურსი ამოიწურა. ეს პრინციპში ყველა დამკვირვებლისთვის აშკარაა და 2020-ს არჩევნებში ამ პოლიტიკური ფლანგის კატასტროფული შედეგიც ამის დასტური იყო. მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრი უნდა წავიდეს.
მაგრამ რამდენადაც ბიძინას მმართველობა ასეთი მავრების გარეშე არ არსებობს, ასპარეზზე გამოდიან ახალი სახეები ჯერ უცნობის და მისი “აი ია”-ს და ახლა ლევან ვასაძის “ერის” სახით. პრინციპში რა ახალი სახეები ესენი არიან, მაგრამ სულ უცნობებს ივანიშვილი არ ენდობა და ნაცნობებშიც სხვა არც არავინ დარჩა ასე თუ ისე ცნობადი.

არის თუ არა ამ თამაშის მონაწილე გიორგი გახარია და მისი დაანონსებული პარტია? არ არის გამორიცხული ასეც იყოს და ეს პარტიაც ბიძინას შემოჰყავდეს უკვე პროდასავლურ და პროდემოკრატიულ ფლანგზე გამაგრებისთვის, თუმცა შეიძლება არც იყოს ასე და მაშინ ხელისუფლების საქმე მთლად კარგად ვერ იქნება. კონტროლირებადი პარტიები ივანიშვილის ხედვით არ უნდა იღებდნენ იმდენად ცოტა ხმას არჩევნებში, რომ საერთოდ არაფერს წარმოადგენდნენ, მაგრამ არც ისე ბევრს უნდა იღებდნენ, რომ მადა გაეზარდოთ და კონტროლიდან გასვლა დააპირონ. გახარიამ კი არცთუ ცოტა ხმები შეიძლება წაართვას ოცნებას.
რას იზამს გახარია და თავად რა თამაშს დააპირებს, ამას ყველა მალე ვნახავთ, ხოლო ლევან ვასაძეს რაც შეეხება, აქ როგორც ძველი დარდუბალას სიმღერაშია, “არაფერი განსაკუთრებული არ ხდება”, უბრალოდ მიმდინარეობს პატრიოტთა ალიანსის ჩანაცვლების პროცესი, ისევე როგორც უცნობმა უნდა ჩაანაცვლოს ქართული მარში და მისთანნი. მავრმა თავისი საქმე უნდა გააკეთოს, მავრი უნდა მოვიდეს.

დასკვნის სახით, ალბათ კიდევ ერთი სიმღერის ტექსტის ციტირებაც შეიძლებოდა: “როგორც მოვა ისე წავა” და ა.შ., მაგრამ ეს თავისთავად იგულისხმება. თუ ხელისუფლება შეიცვლება, ხომ ავტომატურად წასულები იქნებიან, თუ არა და არაფერია მარადიული ბიძინას მზისა ქვეშე.“– წერს დავით ზურაბიშვილი.