მინისტრის სოციალურ აქტიურობაზე მიუთითებს – ცერცვაძე ტიკარაძის ინფიცირებაზე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ეხმიანება ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის კორონავირუსით დაინფიცირებას და ამბობს, რომ ეს მინისტრის “სერიოზულ სოციალურ აქტიურობაზე მიუთითებს”.

მისი თქმით, ტიკარაძე კორონავირუსი რომ არ დამართნოდა, ეს იქნებოდა გასაკვირი.

“ის რომ მას დაემართა კოვიდი, ნორმალურია. რასაც ქალბატონი ეკა დადის და შეხვედრები აქვს, მათ შორის, სავარაუდოდ კოვიდიანებთან, რომ არ დამართნოდა, ეს იქნებოდა გასაკვირი. მე ხუმრობით ვთქვი, რომ სადღაც კარგია, ვინაიდან, მიუთითებს მინისტრის ძალიან სერიოზულ სოციალურ აქტიურობაზე. ის ვინც მოწინავე პოზიციებზე იბრძვის, მათ შორის, ხელმძღვანელები, ოფიცრები და თუ ის დაიჭრება, მას ეთვლება პლუსად და არა მინუსად”,– თქვა ცერცვაძემ რუსთავი 2-თან საუბრისას.

ცნობისთვის, გუშინ ეკატერინე ტიკარაძეს COVID-19 დაუდასტურდა. მას ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი დოზა ჰქონდა გაკეთებული.