მისცემენ თუ არა რუსეთს მშვიდობის სამიტში მონაწილეობის უფლებას-ზელენსკის ვიზიტი თურქეთში და ერდოღანის ინიციატივა

მისცემენ თუ არა რუსეთს მშვიდობის სამიტში მონაწილეობის უფლებას, რომლის ინიციატივით თურქეთის პრეზიდენტი გამოდის. ამ თემაზე თურქეთში მყოფი უკრაინის პრეზიდენტის და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. პრეზიდენტების დახურული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი მზად არის რუსეთის მონაწილეობით მშვიდობის  სამიტს უმასპინძლოს.

„სულ დასაწყისიდან წვლილი შეგვაქვს მოლაპარაკებების საფუძველზე ომის დასრულებაში. მზად ვართ ვუმასპინძლოთ სამშვიდობო სამიტს, რომელში ჩართული რუსეთიც იქნება. სამწუხაროდ, ომი მზარდ ნეგატიურ გავლენას ახდენს რეგიონალური და გლობალური კუთხით და პირველ რიგში, უკრაინაზე. არ გადადგმულა დიპლომატიური ნაბიჯები მოლაპარაკებების მაგიდის გამოყენებაზე, რომელიც 2022 წლის მარტში სტამბოლში შევქმენით მშვიდობის დასამყარებლად… მომავალში ჩვენ, ერთი მხრივ, სოლიდარულები ვიქნებით უკრაინასთან, მეორე მხრივ – გავაგრძელებთ მოლაპარაკებების საფუძველზე სამართლიანი მშვიდობით ომის დასრულებაზე ჩვენს მუშაობას“–თქვა ერდოღანმა.

უკრაინის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზევე თქვა, რომ მშვიდობის სამიტში რუსეთის მონაწილეობის წინააღმდეგია, თუმცა დაუშვა, რომ რუსეთი შეიძლება მიწვეულ იქნას მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნები სამართლიანი მშვიდობის მიღწევის გეგმას შეიმუშავებენ.

„მადლობელი ვარ ბატონი პრეზიდენტის მხარდაჭერისთვის. ბატონ პრეზიდენტს ლიდერების დონეზე მშვიდობის სამიტის მომზადების შესახებ შევატყობინე, რომელიც შვეიცარიაში ორგანიზდება . რაც შეეხება თავად საინაუგურაციო სამიტის ფორმატს:ჩვენ ვერ ვხედავთ, როგორ შეიძლება ამ სამიტში მონაწილეობა მიიღოს რუსეთმა. ჩვერ ვერ ვხედავთ, როგორ შეიძლება მიიწვიო ისეთი ადამიანები, ვინც ყველაფერს ბლოკავენ, ანგრევენ და კლავენ. ჩვენ შედეგის მიღწევა გვინდა – სამართლიანი მშვიდობის მიღწევა უკრაინისთვის. ჯერ ცივილიზებულმა ქვეყნებმა უნდა შეიმუშაონ გეგმა, და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რუსეთის წარმომადგენლების მოწვევა.რუსეთის წარმომადგენელი შეიძლება მოიწვიონ მომავალ შეხვედრაზე მას შემდეგ, რაც მშვიდობის საგზაო რუკა განიხილება და შეთანხმებული იქნება უკრაინისა და მისი მოკავშირეების მიერ მათ მომავალ შეხვედრაზე შვეიცარიაში.“–განაცხადა ზელენსკიმ

პრესკონფერენციაზე თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ  თურქეთი მხაერს უჭერს სტრატეგიული პარტნიორის – უკრაინის  ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“.მან ასევე თქვა, რომ  ზელენსკისთან შავი ზღვის უსაფრთხოებასა და მარცვლეულის შეთანხმებაზე ისაუბრა.

ერდოღანთან შეხვედრამდე  თურქეთში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი  ვერფში ჩავიდა, სადაც უკრაინული ფლოტისთვის კორვეტ ივანე მაზეპას მშენებლობა მიმდინარეობს. ზელენსკიმ ხომალდის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა და უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების სამხედროების გაესაუბრა.  მან მადლობა გადაუხადა თურქეთის და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიებს, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ.

თურქეთში ზელენსკის ვიზიტის შემდეგ მისისი ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ვიზიტისას  მიღწეულ იქნა შეთანხმება ერთობლივ პროექტებთან დაკავშირებით თავდაცვის სფეროში როგორც სამთავრობო, ასევე ორი ქვეყნის კომპანიების დონეზე. ზელენსკის ოფისის ინფორმაციით, თურქეთის სამხედრო–სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შედეგად ორივე მხარე მზად არის მაქსიმმალურად ოპერატიულად დაიწყონ განხილული პროექტების რეალიზაცია.

ხელმოწერილია შეთანხმება, რომელიც ამარტივებს ვაჭრობას და ბიზნესისთვის დაბრკოლებებს ხსნის. თავდაცვის სამინისტროების დონეზე კი გაფორმდა რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი.