მიუღებელია დაპირისპირება საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს შორის – ჟვანია მარნეულზე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარ დაპირისპირების ფაქტს ეხმიანება და ამბობს, რომ მიუღებელია მხარეებს შორის დაპირისპირება.

მისი თქმით, ინდენდეტის დროს დაშავდნენ როგორც ჟურნალისტები, ისე საარჩევნო კომისიის წევრი.

“საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია 29 სექტემბრის ღამეს მარნეულში განვითარებული მოვლენები და დაპირისპირება საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს შორის. მინდა მოვუწოდო მათ სიმშვიდის შენარჩუნებისკენ. მივმართავ თავი შეიკავონ არაეთიკური ქცევისგან, ძალადობისგან და ურთიერთობისას გამოიყენონ ცივილიზებული ფორმები. აღნიშნული კონფლიქტის შედეგად დაშავდნენ მათ შორის მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი და მისი ოჯახის წევრი, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია. ამ ძალადობის დროს დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები. დაუშვებელია ამ ფორმებით ჟურნალისტების საქმიანობის ხელის შეშლა”,- წერს ჟვანია.

ის ხელისუფლებასა და პასუხისმგებელ ორგანოებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები რეაგირებისა და პრევენციის მიზნით.

“თავის მხრივ ყველა პოლიტიკურმა მხარემ ხელი უნდა შეუწყოს საარჩევნო პროცესების მშვიდ ვითარებაში წარმართვას. საარჩევნო ადმინისტრაცია ვგმობთ ძალადობას და ნებისმიერ ისეთ ქმედებას რაც ახალისებს ძალადობას და რაც პირდაპირ აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული საარჩევნო პროცესების წარმართვას”,- აცხადებს ცესკოს თავმჯდომარე.