საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილი “უსუსტესად” აფასებს შარლ მიშელის განცხადებას შეთანხმების ანულირების შემდეგ.
“სამწუხაროდ, მინდა ვთქვა, რომ ეს იყო უაღრესად სუსტი განცხადება, რომელშიც არ მოიაზრება ის, რომ ავტორი და გარანტორი ამ პროცესისა არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. სამწუხაროა ამის თქმით. ერთია, როდესაც შენი, როგორც პოლიტიკოსის მიმართ უხეშ ნაბიჯს არ აფასებ და ეს ამ განცხადების ერთი სუსტი მხარეა და მეორე სუსტი მხარე არის იმ არგუმენტის გაგრძელება, რომელიც ამ თაღლითური ჯგუფის მიერ შეურაცხმყოფელად იყო მოწოდებული საზოგადოებისთვის, რომ თურმე, ისინი ხელშეკრულებიდან გამოვიდნენ ნაციონალური მოძრაობის გამო”,– აცხადებს მარგველაშვილი ფორმულას ეთერში.
მისივე აზრით, ამ ვითარებაში ფრაზის “ორივე მხარე” გამოყენება ისეთივე შეცდომაა, როდესაც ძალადობის შემდეგ “მაგრამ”-ის გამოყენება.
“არის ვითარებები, სადაც სიტყვა “მაგრამ”, “ორივე მხარე” თავისთავად უკვე პოლიტიკური შეცდომაა. 5 ივლისს დაიწყო ტექსტები, რომ “ძალადობა კი იყო, მაგრამ” და ამაზე ქართულმა საზოგადოებამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. არავითარი მაგრამ… სადაც შენ გაქვს ძალადობა, მკვლელობა, სიტყვა “მაგრამ”-ს ნუ ჩადგამ. ეს ნათელი გზავნილი იყო. ასეთივე ნათელი გზავნილია ამ სამარცხვინო თაღლითობის განხილვის პროცესში რამენაირად ვილაპარაკოთ ორ მხარეზე”,– აღნიშნა ექსპრეზიდენტმა.
ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დღეს განცხადება გაავრცელა და პარტიებს მოუწოდა, პირველ ადგილზე დააყენონ მოქალაქეების ინტერესები და ხელი შეუწყონ საქართველოს პოლიტიკური დისკურსის წინსვლას.
მისი თქმით, პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს.