მიჩნდება განცდა, რომ კალაძის მიზანია მედიებზე დარტყმა და არა ფეიკ-ნიუსთან ბრძოლა – ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისის მერის კახა კალაძის მიერ ე.წ. ფეიკ-ნიუსებთან ბრძოლის კამპანიის დაწყებას ეხმაურება. ლომჯარია კალაძის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ბანერს აფასებს და ამბობს, რომ ეს უჩენს განცდას, რომ თბილისის მერის მიზან კონკრეტულ მედიებზე დარტყმაა.

“მე არ ვიცი რა განცხადების გაკეთებას აპირებს მერი, მაგრამ ეს ბანერი მიჩენს განცდას, რომ მიზანი არის კონკრეტულ მედიებზე დარტყმა და არა ფეიკ-ნიუსებთან ბრძოლა”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კალაძემ “ფეისბუქზე” გამაოქვეყნა ბანერი, რომელზეც 3 ტელევიზიის: მთავარი არხის, ტელეკომპანია პირველისა და ფორმულას ლოგოებია გამოსახული წარწერებით – “მთავარი სიცრუე”, “სიცრუის ფორმულა” და “პირველი სიცრუე”.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის მერმა ფეიკ-ნიუსებთან ბრძოლის კამპანია დააანონსა. კალაძის თქმით, “ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი”.