მკვლელებო, შეგისწავლით და იმ დროს ჩაგცემთ გულში ლახვარს, როცა არ მოელით – თამაზაშვილი

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელებს შეისწავლის. მისი თქმით, თუ ვინმე მკვლელებს ხელს აფარებს, უარესი ცოდვა მიუძღვის.

“მკვლელებო!!! არ გეგონოთ მოვდუნდი და დამავიწყდით. ნუ გეშინიათ, ყურადღებას არ მოგაკლებთ. ისევე შეგისწავლით და იმ დროს ჩაგცემთ გულში ლახვარს, როცა არ მოელოდებით. როგორც თამუნას მოექეცით, რომელმაც არ იცოდა სიკვდილთან შესახვედრად თუ მიდიოდა. აქამდე თუ ჯოჯოხეთად გიქციეთ ცხოვრება, აწი ჯოჯოხეთზე უარესი გელით. თამუნას მდგომარეობა სანატრელი გექნებათ, სატანებო!!! და თუკი ვინმემ რამე იცით და ხელს აფარებთ მკვლელებს, მაშინ მკვლელებზე უარესი ცოდვა მიგიძღვით”,– წერს ფეისბუქზე თამაზაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.