“მკვლელობა რუსეთის სახელმწიფომ შეუკვეთა“–გერმანულმა სასამართლომ ხანგოშვილის მკვლელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

გერმანიის სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვს, იგივე ვადიმ სოკოლოვს, რომელსაც ჩეჩენი საველე მეთაურის, ზელიმხან (თორნიკე) ხანგოშვილის მკვლელობაში ედებოდა ბრალი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ამასთან, მოსამართლე გამოძიების ვერსიას დაეთანხმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ეს მკვლელობა რუსეთის სახელმწიფომ შეუკვეთა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გამოაცხადა, რომ მკვლელობასთან დაკავშირებით რუსეთის საელჩოს ორ თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ მათ უკვე გამოიძახეს რუსეთის ელჩი და აცნობეს, რომ საელჩოს დიპლომატიური პერსონალის ორი წარმომადგენელი გერმანიაში არასასურველ პერსონად ცხადდება.

40 წლის საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც წარმოშობით ჩეჩენი იყო ბერლინის კლაინერ–ტირგარტენის პარკში 2019 წლის 23 აგვისტოს ცეცხლსასყროლი იარაღით მოკლეს. ეჭვმიტანილი გერმანიის პოლიციამ მალევე დანაშაულის ადგილთან ახლოს დააკავა.

ბიბისი წერს, რომ ხანგოშვილის მკვლელობამ, რომელიც გერმანიაში თავშესაფარს ითხოვდა რუსეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობები დაძაბა, სასამართლოს გადაწყვეტილებამ კი შეიძლება სიტუაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. შესაძლო შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი საუბრებდა.

“არაუგვიანეს 2019 წლის ივნისისა რუსეთის ფედერაციის მთავრობის ორგანოებმა მიიღეს გადაწყვეტილება თორნიკე ხანგოშვილის ლიკვიდაციის შესახებ… ბრალდებულს მსხვერპლის მკვლელობა რუსეთის ხელისუფლებამ შეუკვეთა“ – ციტირებენ საინფორმაციო სააგენტოები მოსამართლე ოლაფ არნოლდის სიტყვებს.

გერმანული მედია აღნიშნავს, რომ თავად სამუდამო პატიმრობის შეფარდების ფაქტით სასამართლო პროკურატურას დაეთანხმა. ეს უკანასკნელი კი პროცესზე აცხადებდა, რომ ეს იყო რუსეთის ხელისუფლების ორგანოების მიერ შეკვეთილი მკვლელობა.

გარდა ამისა, პროცესის თავმჯდომარემ, ოლაფ არნოლდიმ აღნიშნა, რომ სოკოლოვ–კრასიკოვი მარტო არ მოქმედებდა:

“ეს ქმედება ბერლინში ბაზირებული მისი დამხმარეების მიერ საგულდაგულოდ იყო დაგეგმილი“– ციტირებენ გერმანული გამოცემები მას.

რუსულ–გერმანული ურთიერთობებისთვის შესაძლო უარყოფით შედეგებზე თავის მხრივ განაცხადა რუსეთმა. სააგენტო რია ნოვოსტი წერს, რომ რუსეთის ელჩმა გერმანიაში, სერგეი ნეჩაევმა სასამართლოს გადაწყვეტილებას არაობიექტური და პოლიტიკური უწოდა და განაცხადა, რომ ის გაართულებს ორ ქვეყანას შორის ისედაც რთულ ურთიერთობებს.

სააგენტო ფრანს პრესი წერს, რომ სასამართლომ დანაშაულის განსაკუთრებული სიმძიმიდან გამომდინარე სოკოლოვ–კრასიკოვს აუკრძალა 15 წლის შემდეგ ვადაზე ადრე გათავისუფლების უფლების გამოყენება.

ხანგოშვილის ნათესავები მათი ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერენ, რომ მათი აზრით ეს საქმე ჯერ არ დასრულებულა.

“დანაშაულის შემკვეთები, ასევე რამდენიმე სავარაუდო თანამზრახველი კვლავ თავისუფალია. ვშიშობთ, რომ ვადიმ კრასიკოვი სასჯელის ვადამდე ბევრად ადრე რუსეთში იქნება დეპორტირებული, სადაც მას ორდენებით და მედლებით დააჯილდოებენ ჩადენილი მკვლელობისთვის. ეს კი განაჩენს აზრს უკარგავს“– ნათქვამია განცხადებაში.

გერმანიის პროკურატურა ბრალდებულს “რუსეთის “ეფესბეს“ სპეციალური ქვედანაყოფის მეთაურს“ უწოდებს და ვარაუდობს, რომ ხანგოშვილი ჩეჩნეთის მეორე ომში, ასევე 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში მონაწილეობის გამო მოკლეს.

რუსეთის ხელისუფლება ხანგოშვილს ტერორისტულ საქმიანობასთან კავშირში ადანაშაულებდა, პუტინმა კი მას ბანდიტი და მკვლელი უწოდა.

ბრალდებულმა გამომძიებლებს თავი წარუდგინა როგორც ვადიმ სოკოლოვმა. “რუსი, უცოლშვილო, ინჟინერ–მშენებელი ბრიანსკიდან“, რის შემდეგაც  ჩვენებებზე უარი თქვა. პასპორტი, რომლითაც ის გერმანიაში ჩავიდა მართლაც ბრიანსკში იყო გაცემული გერმანიაში მის  ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე.

თუმცა, როგორც გავლენიანი  გერმანული გამოცემების ერთობლივი გამოძიებით გაირკვა,დაკავებულის ნამდვილი სახელი და გვარი ვადიმ კრასიკოვია და წარსულში ის “ეფესბე“–ს სპეციალური დანიშნულების ცენტრ “ვიმპელში“ მუშაობდა.

გასროლა ბერლინში

2019 წლის აგვისტოში მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე “ვადიმ სოკოლოვმა“ ამ სახელზე პასპორტი, შემდეგ კი შენგენის ვიზა მიიღო საფრანგეთის საელჩოში, ჩავიდა პარიზში როგორც ტურისტი და ქალაქში ისეირნა, სანამ ვარშავაში წავიდოდა.

ტურისტული ფოტოები პარიზიდან მის მობილურ ტელეფონში აღმოჩნდა. 22 აგვისტოს კი პოლონეთიდან ბერლინში გაემგზავრა.

ერთი დღის შემდეგ, ბერლინის პარკში ველოსიპედით სეირნობისას ბრალდებული, ძიების დასკვნით უკნიდან  მიუახლოვდა ზელიმხან ხანგოშვილს და მაყუჩიან პისტოლეტ  Glock 26–ით ორჯერ ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე გარდაიცვალა

პარკი გერმანიის პარლამენტიდან და კანცელარიიდან ორი წუთის სავალზე მდებარეობს.

გასროლის შემდეგ ბრალდებული ველოსიპედზე დაჯდა და მიიმალა. მოგვიანებით მოწმეები აცხადებდნენ, რომ დაინახეს, როგორ ჩააგდო მან ჩანთა მდინარე შპრეეში, სადაც პოლიციის მყვინთავებმა მოგვიანებით პისტოლეტი, პარიკი და ველოსიპედი იპოვნეს.

მოგვიანებით გამომძიებლებმა ვარშავის სასტუმროს ნომერში მისი მობილური ტელეფონი და თვითმფრინავის ბილეთიც იპოვნეს, რომლითაც ის 25 აგვისტოს ვარშავიდან მოსკოვში უნდა დაბრუნებულიყო.

ეს მკვლელობა გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელისთვის, რომელმაც 2020 წლის მაისში განაცხადა, რომ ეს დანაშაული ბერლინსა და მოსკოვს შორის ნდობას და ურთიერთობას არყევს.

რუსეთის პრეზიდენტმა მსხვერპლი აღწერა როგორც “სასტიკი და სისხლიანი ბოევიკი“, რომელიც სეპარატისტებს კავკასიაში რუსულ ჯარებთან საბრძოლველად შეუერთდა, ასევე მონაწილეობდა მოსკოვის მეტროში მომხდარ ტერაქტებში.

ბიბისი წერს, რომ ზელიმხან ხანგოშვილი წარმოშობით პანკისის ხეობიდან არის, ჩეჩნეთის მეორე კამპანიის დროს ის სეპარატისტების მხარეს იბრძოდა, მონაწილეობდა მოლაპარაკებებში  ქართველ სამხედროებსა და ჩეჩენ ბოევიკებს შორის 2012 წელს, როცა ჩეჩნებმა ტყვედ აიყვანეს ქართული სოფლის მაცხოვრებლები და მოითხოვდნენ კორიდორს, რათა მთების გავლით ჩეჩნეთში გადასულიყვნენ.

ხანგოშვილის დაკრძალვა სოფელ დუისში

ხანგოშვილზე საქართველოში ორი თავდასხმა მოხდა, რის შემდეგაც ის გერმანიაში წავიდა. აქ გაატარა რამდენიმე წელი და დევნილის  სტატუსის მიღებას ელოდა.

Deutsche Welle გერმანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ უშიშროების ადგილობრივი ორგანოები გარკვეული დროის განმავლობაში ზელიმხანს თვლიდნენ პიროვნებად, ვინც “საფრთხეს წარმოადგენდა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის“, თუმცა უცნობი მიზეზების გამო მასზე ყველა ეჭვი მოიხსნა.

ხანგოშვილის ქვრივი ამბობს, რომ გერმანიაში მისივე უსაფრთხოებისთვისვე, ის ცდილობდა ურთიერთობა არ ჰქონოდა დიასპორის წარმომადგენლებთან. მოსკოვი მის ექსტრადიციას უშედეგოდ ცდილობდა.

ხანგოშვილის მკვლელობაზე კვლავ დაიწყო საუბარი მას შემდეგ, რაც რუსი დიპლომატი ბერლინში რუსეთის საელჩოს სიახლოვეს მკვდარი იპოვნეს. მისი ცხედარი საელჩოს წინ გზაზე აღმოაჩინეს. ახლა მისი სიკვდილის გარემოებების გამოძიება მიმდინარეობს. გერმანული მედიის ინფორმაციით ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული და გარდაცვლილი დიპლომატი ერთმანეთს იცნობდნენ.

შპიგელის ინფორმაციით დიპლომატი საელჩოს ერთ–ერთი მაღალი სართულის ფანჯრიდან 2021 წლის 19 ოქტომბერს გადმოვარდა.

ის საელჩოში 2019 წლის ზაფხულიდან მეორე მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა. შპიგელი წერს, რომ გერმანული დაზვერვა მას “ეფესბე“–ს თანამშრომლად თვლიდა, რომელიც დიპლომატიური საფარის ქვეშ საქმიანობდა.

გერმანული მედიის ინფორმაციით გარდაცვლილი დიპლომატი, 35 წლის კირილ ჟალო ხანგოშვილის მკვლელობამდე სამუშაოდ ბერლინში ვენაში მდებარე რუსეთის საელჩოდან გადაიყვანეს.

რუსეთის საელჩომ დიპლომატის სიკვდილი დაადასტურა და მას ტრაგიკული უბედური შემთხვევა უწოდა, ასევე დასძინა, რომ სრულიად არაკორექტულად თვლის დასავლურ მედიაში გამოთქმულ ვარაუდებს ინციდენტთან დაკავშირებით.