მნიშვნელოვანია, ამომრჩეველი თავისუფლად, დაშინების გარეშე მივიდეს არჩევნებზე – დეგნანი

საქართველოში აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ამომრჩეველს არჩევნებზე თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ასევე, ამომრჩეველი არჩევნების შედეგებს უნდა ენდობოდეს.

„მოხარულები ვართ, რომ პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები და განხორციელდა საარჩევნო რეფორმა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობამ არ ასახა ყველა ის რეკომენდაცია, რაც ჩვენ და საერთაშორისო ექსპერტებს გვქონდა, ეს იყო მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ახლა მნიშვნელოვანია არჩევნების დროს საარჩევნო კანონმდებლობა პრაქტიკაში დაწვრილებით იყოს აღსრულებული, იმისთვის რომ ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა თავისუფლად, დაშინებისა თუ სხვა დაბრკოლების გარეშე მივიდეს არჩევნებზე და ჰქონდეს ნდობა, იმ შედეგებზე, რაც დადგება”,– თქვა კელი დეგნანმა.

ის დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძეს შეხვდა, რომელთანაც 2020 წლის არჩევნებსა და საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებაზე ისაუბრა.

„ ჩვენ სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის, ადგილობრივი მმართველობის მნიშვნელობაზე და იმაზე რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ უკეთ მოახდინოს თავისი პრობლემატური საკითხების წამოჭრა ადგილობრივ მთავრობასთან მოგვარების მიზნით. ვისაუბრეთ მომავალ არჩევნებზე, თავისუფალი და სამართლიანი რომ იყოს. ამ სიტუაციაში გასათვალისწინებელია კორონავირუსით გამოწვეული სიტუაციაც. გარდა ამისა, ჩვენ შევეხეთ ეკონომიკური შესაძლებლობების და განვითარების საკითხსაც. ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტებზე, რაც იმერეთის რეგიონში ხორციელდება, რითაც საბოლოოდ რეგიონში მეტი დასაქმებული იქნება“,-განაცხადა კელი დეგნანმა.