მოგვწერეს, რომ კიდევ შეეცდებიან ხელშეკრულების გაუქმებას – ფრონტერა მთავრობაზე

ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ამერიკული კომპანია, ფრონტერა წერილს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს პრემიერისა და აშშ–ში საქართველოს საელჩოს განცხადებას ეხმიანება. კომპანიის განცხადებით, გახარიას განცხადებიდან მეორე დღეს მთავრობამ წერილი მისწერა, რომელშიც ეწერა, რომ ხელშეკრულებას კვლავ გაუუქმებენ.

“გასულ კვირას, 23 ივლისს, საქართველოს მთავრობამ მედიას მოულოდნელად განუცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, ჩვენთან კონტრაქტი 27 ივლისს არ შეჩერებულიყო, როგორც ამას აპრილიდან იმუქრებიან. მიმდინარე კვირაში იგივე შეტყობინება გაავრცელა შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ, რათა გარკვეულწილად შექმნლიყო შთაბეჭდილება, რომ დიდსულოვანი გადაწყვეტილება ქონების უკანონოდ ჩამორთმევის შეჩერების შესახებ აშშ-საქართველოს პოზიტიური ურთიერთობების სახელით მიიღეს.

საქართველოს მთავრობამ მედიასა და აშშ-ს ოფიციალურ პირებს სრული ისტორიის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა. პრემიერ – მინისტრის მიერ განცხადების გაკეთებიდან მეორე დღეს, 24 ივლისს, გამოგვიგზავნეს იურიდიული შეტყობინება, სადაც მითითებული იყო, რომ იგი კვლავ შეეცდება ჩვენი ხელშეკრულების გაუქმებას და მხოლოდ “დროებით შეაჩერებს” ამ მიზნის განხორციელების მცდელობებს”,– წერს ფრონტერა.

ამერიკული კომპანია პრემიერ-მინისტრსა და მის მთავრობას მოუწოდებს, შეაჩერონ “გამიზნულად მცდარი, ზიანის მომტანი და არაგულწრფელი პროპაგანდა” და ამის ნაცვლად, გულწრფელი დიალოგი აწარმოონ საზოგადოებასთან, აშშ-ს ოფიციალურ პირებთან და კომპანიასთან უშუალოდ იმუშავონ.

მათი განცხადებით, მთავრობის მიერ ბიზნესის დაშინების მცდელობა არ არის ნორმალური ქცევა, “როდესაც საქმე ეხება აშშ-ის კერძო სექტორის უმსხვილეს ინვესტორთან მუშაობას. ეს ნამდვილად არ არის წამახალისებელი რეკლამა ამერიკის კერძო სექტორის იმ პოტენციური ინვესტორებისთვის, რომლებიც დაშინების ამ სახალხო თეატრს უყურებენ”,– წერია ფრონტერას განცხადებაში.

“სპექტაკლი, რომელიც დასრულდა ცილისმწამებლური მედიაკამპანიით, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი კომპანიის დაცინვას და ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით ყალბი განცხადებების გავრცელებას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაიცვას საარბიტრაჟო სასამართლოს ბოლოდროინდელი განჩინება, პატივი სცეს ჩვენი ხელშეკრულების პირობებს, გამართოს ჩვენთან კონსტრუქციული შეხვედრა და მოგვცეს გარანტია, რომ მუშაობის გაგრძელებას საფრთხეების, დაშინებისა და ახალი პირობების გარეშე შევძლებთ,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, 23 ივლისს ეკონომიკის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ „ფრონტერას” კონტრაქტს აღარ გაუწყვეტს. უწყება აცხადებდა, რომ კომპანიას სახელმწიფო საძიებო ტერიტორიების მხოლოდ 1%-ზე მუშაობის უფლებას დაუტოვებენ, რადგან დარჩენილი 99% საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით სახელმწიფოს დაუბრუნდა.

საქართველოს სახელმწიფოსა და ამერიკულ კომპანია ფრონტერას შორის დავა წლებია გრძელდება. ამან კონგრესმენების კრიტიკა გამოიწვია, რის გამოც 16 მაისს 6-მა სენატორმა და კონგრესმენმა, სენატორ ტედ კრუზის მონაწილეობით, ამერიკის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოსა და სახაზინო დეპარტამენტის მდივანს მიწერეს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამერიკული ბიზნესების შევიწროებაზე იყო საუბარი. ისინი მაგალითად, ფრონტერას ასახელებდნენ.

მთავრობა კონგრესმენების კრიტიკას მათ ბიზნესინტერესებსა და ლობისტების მუშაობას უკავშირებს.

საწვავის მომპოვებელი ამერიკული კომპანია „ფრონტერა” საქართველოში 1997 წელს შემოვიდა.