მოგიწოდებთ, პატივი ეცით ადამიანის უფლებებს – ბორელი ყაზახეთის ხელისუფლებას

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და ქვეყანას კრიზისის მოგვარებაში დახმარებას სთავაზობს.

ის ასევე მოუწოდებს ყაზახეთის ხელისუფლებას, მოქალაქეების უფლებებს პატივი სცეს.

“შეშფოთებული ვართ იმ ძალადობით, რომელმაც ყაზახეთში მშვიდობიანი პროტესტის შემდეგ იფეთქა. ყაზახეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირისთვის, ძალაშია გაძლიერებული პარტნიორობის და თანამშრომლობის შეთანხმება რეგიონის სტაბილურობის გამო.

ღრმად ვწუხვართ დაღუპულთა გამო და მკაცრად ვგმობთ ძალადობის ფართოდ გავრცელებულ აქტებს. მნიშვნელოვანია შემდგომი ესკალაციებისა და ძალადობის წაქეზების თავიდან აცილება, თავშეკავება და არეულობის სხვა მიზნებისთვის გამოყენებისგან თავის არიდება.

ჩვენ მზად ვართ, კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებისთვის დახმარება გავუწიოთ. გარე სამხედრო მხარდაჭერამ პატივი უნდა სცეს ყაზახეთის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ისევე როგორც ყველა მოქალაქის ფუნდამენტურ უფლებებს.

მოვუწოდებთ ყაზახეთის ხელისუფლებას, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები ამ რთულ დროს, მათ შორის, პატივი სცენ ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, განსაკუთრებით, შეკრების, გამოხატვის და მედიის თავისუფლებას”,– წერილია ბორელის განცხადებაში.

ყაზახეთში დაპირისპირება და მასობრივი საპროტესტო აქციები, რომელიც 2 იანვარს საწვავის ფასის ზრდის გამო დაიწყო, რამდენიმე დღეა გრძელდება. ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანიფესტაციების გამო ქვეყნის მთავრობა გადადგა, თუმცა ამას პროტესტის შეჩერება არ მოჰყვა.

თოყაევმა “ტერორიზმის შესაჩერებლად” დახამრება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვა, რის შემდეგაც ყაზახეთში ჩავიდნენ რუსი და სომეხი სამხედროები. ყაზახეთის პრეზიდენტმა არმიას უფლება მისცა, მომიტინგეებს ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გაუხსნან.