„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს მოგონილი თანამდებობაა.
მისი თქმით, ეს თანამდებობაც სკეპტიციზმს იწვევს ხელისუფლებაში.
„პირველ რიგში, რადას დეპუტატებს მინდა მადლობა გადავუხადო იმ გონიერებისა და სწორი გადაწყვეტილებისათვის, რომ სააკაშვილს არ მისცეს შესაძლებლობა ვიცე-პრემიერად დანიშნულიყო. თუმცა, ეს თანამდებობაც, ასე ვიტყოდი, მოგონილი თანამდებობაც, რომელიც იქნა შეთავაზებული, ესეც გარკვეულ სკეპტიციზმს იწვევს ჩვენს ხელისუფლებაში.
უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, წლებია ჩვენ ძალიან მეგობრული, თბილი ურთერთობები გვაკავშირებს, რასაც ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ და ძალიან ვუფრთხილდებით. ჩვენ, როგორც საკუთარი ქვეყნის წარმატება გაგვიხარდება, ისე გაგვიხარდება უკარაინის წარმატება და წინსვლა. თუმცა, გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იყო, ჩვენ ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს“, – განაცხადა კალაძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ ხელმძღვანელად დაინიშნა. ამის გამო საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიძახა. ამ ფაქტს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი გამოეხმურა და შეცდომა უწოდა.