“თბილისში დაძაბულობის ესკალაცია დემოკრატიულ პროგრესს დესტაბილიზაციის საფრთხეს უქმნის”–აშშ–ს კონგრესის საგარეო კომიტეტის ლიდერები

ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ლიდერები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან. კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი გრეგორი მიკსი და წამყვანი რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკლ მაკქოლი პოლიტიკურ მხარეებს დიალოგისკენ და მელიას საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მოუწოდებენ.

“იმ დემოკრატიულ პროგრესს, რომლის მისაღწევადაც ქართველმა ხალხმა ასე ძლიერ იბრძოლა, თბილისში მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია ძირის გამოთხრისა და დესტაბილიზაციის საფრთხეს უქმნის. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს პატივი სცენ დემოკრატიულ პრინციპებს და მელიას საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში. ძლიერი და მტკიცე ქართული დემოკრატია, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობასა და მრავალპარტიულ სისტემას კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ასევე რეგიონული სტაბილურობისთვის”, – ამბობენ კონგრესმენები.

საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ცოტა ხნით ადრე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმაც, სენატის საგარეო კომიტეტის წამყვანმა რესპუბლიკელმა სენატორმა. მათი თქმით, საქართველოში პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს.

“ღრმად გვაშფოთებს უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განვითარებული მოვლენები. ქართველი ხალხი კანონის უზენაესობას, დემოკრატიას და სამართლიან და დამოუკიდებელ სასამართლოს იმსახურებს. უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე, ჩვენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბევრჯერ წამოვწიეთ წინ პოლიტიკური დევნის პრობლემა. მაშინ როცა გვახარებს ის, რომ ოპოზიციის ლიდერ ნიკა მელიას დაკავება გაუქმდა, მსგავსი პოლიტიკური დევნა და დაკავებები არასდროს არ უნდა მოხდეს. ახლა პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარე უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას და პოლიტიკური ატმოსფეროს დეესკალაციაზე იზრუნოს. იმედი გვაქვს, ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად დასრულდება“, – ნათქვამია სენატორების ერთობლივ განცხადებაში.