“მოვუწყოთ პუტინს წვეულება” – უკრაინელი დეველოპერი 20 მლნ გრივნას გადასცემს ადამიანს, რომლის დრონიც 9 მაისს მოსკოვში დაეშვება

Monobank-ის თანადამფუძნებელმა და Dovbush T10 UAV-ის დეველოპერმა ვლადიმერ იაცენკომ განაცხადა, რომ 20 მილიონ გრივნას მიიღებს ის უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი, რომლის დრონიც 9 მაისის აღლუმის დროს, მოსკოვის წითელ მოედანზე დაეშვება. ამის შესახებ, დეველოპერმა, ერთიანი ნაციონალური ტელემარათონის პირდაპირ ეთერში გამოაცხადა.

“9 მაისი ძალიან კარგი მომენტია. რადგან, როგორც წავიკითხე, პუტინი აღლუმს გეგმავს წითელ მოედანზე და ბევრი სამხედრო იქნება. ანუ ეს იქნება, როგორც ამბობენ, „ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები“. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, ვინც უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაშია ჩართული – მოვუწყოთ მას წვეულება. მე ოფიციალურად ვაძლევ პრიზს უპილოტო საფრენი აპარატების უკრაინულ მწარმოებელს, რომლის თვითმფრინავი, რა თქმა უნდა, სამხედროების დახმარებით, 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე გაფრინდება და დაეშვება. პრემიის ოდენობა ახლა 20 000 000 გრივნაა. იმედია  ის სამართლიანად გაიყოფა მწარმოებელსა და სამხედრო ოპერატორებს შორის, რომლებიც წარმატებით შეასრულებენ დავალებებს და თანხა მოხმარდება უპილოტო საფრენი აპარატის გაუმჯობესებას.გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად საფრენ აპარატს უნდა ჰქონდეს უკრაინული სლოგანი, მაგალითად, „დიდება უკრაინას!“, „დიდება გმირებს“ და ა.შ. ” განაცხადა ვლადიმერ იაცენკომ.