მოვუხმოთ გონებას, საფრთხე ექმნება საქართველოს ევროატლანტიკურ სწრაფვას – მეუფე მელქისედეკი

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკ ხაჩიძე აცხადებს, რომ შეშფოთებული აკვირდება ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს.

“პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ სიტუაცია იმაზე ბევრად კრიტიკულია, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა და ამ ყველაფერმა კი შეიძლება ძალიან ბევრი რამე და ვინმე დააზიანოს.

გულდასმით გავეცანი უცხოელი ელჩების, ფასილიტატორების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი ქვეყნის მეგობრების შეშფოთებულ განცხადებებს. საფრთხე ექმნება საქართველოს ისტორიულ მონაპოვარს – ევროატლანტიკურ სწრაფვას, რამაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის მომავალი რადიკალურად შეცვალოს”,– აცხადებს მეუფე.

მისი თქმით, პოლარიზება მხოლოდ საქართველოს მტრების ინტერესებშია.

“იმ გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რაც რეგიონშია, იმ ეკონომიკური თუ ეპიდემიური კრიზისის ფონზე, რაც მთელ მსოფლიოში მძვინვარებს, საქართველოში მოქალაქეების, ჩვენი სისხლისა და ხორცის ურთიერთგახლეჩა და პოლარიზება, არავის ინტერესებში არ შეიძლება შედიოდეს, გარდა ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობის მტრებისა. გთხოვთ ყველას, რომ მოვუხმოთ გონებას, ჩვენი პოლიტიკური თუ სოციალური სტატუსის მიუხედავად წინა პლანზე დავაყენოთ სახელმწიფოს ინტერესები და მის დასაცავად ყველაფერი გვერდზე გადავდოთ.

ჩემი ახალგაზრდობის პერიოდი ავადსახსენებელ 90-იანებს დაემთხვა. დღემდე თვალებიდან არ ამომდის ის საშინელი შედეგი, რაც საზოგადოების პოლარიზებამ საქართველოს მოუტანა. მჯერა, რომ ასეთი რამ საქართველოში აღარასდროს განმეორდება და ყოვლადმოწყალე უფალი დაგვიფარავს ამგვარი განსაცდელებისგან”,– წერს მეუფე მელქისედეკი Facebook–ზე.