მოლაპარაკების თემა შეიძლება იყოს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება – გირჩი

პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, მოლაპარაკების საგანი შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება და მისი არდაკავება.

“ალტერნატივა გვჭირდება, რა შეიძლება იყოს მოლაპარაკების თემა. ვფიქრობ, ამნისტია არა 20 ივნისის გვჭირდება, არამედ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება და აღიარება იმ რეალობის, რომ მაგიდის მეორე მხარეს გიზის არა რომელიღაც პარტიის წარმომადგენელი, არამედ მართლა მისი ლიდერი”,– ამბობს მეგრელიშვილი ტვ პირველთან საუბრისას.

მისი განმარტებით, ნიკა მელია და გიორგი რურუა არსებული დაპირისპირების მსხვერპლი არიან, წყარო კი სააკაშვილის პოლიტიკიდან გარიყვაა.

“ამ დაპირისპირების წყარო არის ამ ადამიანის [მიხეილ სააკაშვილის] პოლიტიკური ველიდან გარიყვა და თუ შერიგებაზე და დათმობებზეა საუბარი, მაშინ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უნდა ჩამოვიდეს და ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შევიდეს”,– განაცხადა მეგრელიშვილმა.

იაგო ხვიჩიას აზრით, ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას ელოდება და პარლამენტში არ შედის.

“ჩვენ, ახლა იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილი გაქცეულია ქვეყნიდან, პარლამენტს ხომ არ დავკარგავთ. ამიტომ, ჩამოვიყვანოთ და ვათხოვნინოთ საკუთარი გუნდისთვის, რომ შევიდნენ პარლამენტში, სხვანაირად არ შედიან. დანიელსონთან ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.