მომავალი კვირიდან ვიწყებთ ვაკის პარკის სრულ განახლებასა და რეაბილიტაციას – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მომავალი კვირიდან ვაკის პარკის რეაბილიტაცია დაიწყება. მერი აცხადებს, რომ პროექტის განხორციელებას დაახლოებით 2 წელი დასჭირდება.

“მომავალი კვირიდან ვიწყებთ ვაკის პარკის სრულ განახლებას და რეაბილიტაციას. ჩვენ გასული წელი დავუთმეთ საპროექტო სამუშაოებს. ამ ხნის განმავლობაში შევხვდით დაინტერესებულ პირებს, ჩავატარეთ სახელოვნებოთმცედნეო და დენდროლოგიური კვლევები, რომელთა რეკომენდაციის საფუძველზე ბრიტანულმა კომპანიამ ” სი ბი ეს სტუდიოზმა” პარკის ფუნქციური ზონების პროექტი დაამუშავა იმის გათვალისწინებით, რომ ვაკის პარკის ცენტრალურ ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შესაბამისად, არ შეგვიძლია პარკის ისტორიული გეგმარება. პირიქით, რაც შემდგომ უხეში ჩარევების შედეგად დაემატა, მაგასაც დავუბრუნებთ პირვანდელ მდგომარეობას. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ სამუშაოების წარმოება”, – განაცხადა კალაძემ.

მისი განმარტებით, სამუშაოების ფარგლებში სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე სისტემა, განახლდება მწვანე საფარი და საპარკე ინფრასტუქტურა. კალაძის თქმით, პარალელურად მიმდინარეობს კასკადის პროექტირება და როგორც კი პროექტი იქნება, ასევე კასკადისა და შადრევნების სამუშაოებზე გამოცხადდება ტენდერი.

“გპირდებით, რომ როგორი სამუშაოებიც ჩატარდა და ძალიან მაგარი სივრცე გამოვიდა მზიურის პარკი, კიკვიძის პარკი, გლდანის მე-6 მიკრორაიონში, დარწმუნებული ვარ, რომ ვაკის პარკი თბილისისელების საამაყო პროექტი იქნება და ძალიან მაგარი სივრცე გამოვა რეაბილიტაციის შემდეგ”, – განაცხადა კალაძემ.