“მომაშორეთ ეს პროვოკატორი” – უცნობის სასამართლოსთან მისვლას დაპირისპირება მოჰყვა

საქალაქო სასამართლო ვახო სანაიაზე თავდამსხმელების საქმეების არსებით განიხილვას იწყებს.

ადგილზე მივიდა მომღერალი გია გაჩეჩილაძე და მათი გათავისუფლება მოითხოვა. მისი თქმით, არ სჯერა ტელეწამყვან ვახო სანაიასი.

“ეს არის მსუბუქი მუხლი და მსუბუქ მუხლზე გარეთ ელოდებიან ადამიანები გამოძიებას. იქ არ მომხდარა ჯგუფი ძალადობა. მე არ მჯერა ვახო სანაიასი! ჩემი შინაგანი სიმართლის მჯერა და თუ შეიძლება, დამაცადეთ, რომ გამოძიება მივიდეს ბოლომდე. ასეთი ფორმით კითხვების დასმა არის ძალადობა”,– თქვა უცნობმა, რასაც მასსა და სასამართლოსთან შეკრებილ ადამიანებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

“ყოველთვის ისტორიის არასწორ მხარეს დგები. ყოველთვის მოძალადეების გვერდით ხარ. მთელი ცხოვრება ეგეთი ხარ”,– მიმართა მას ადგილზე მყოფმა ქალმა. “მომაშორეთ ეს პროვოკატორი”,– უპასუხა გაჩეჩილაძემ.

ცნობისთვის, გია გაჩეჩილაძე ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს თავდებში უდგება. მან მათი გათავისუფლების მოთხოვნით აქციებიც დააანონსა.

მიუხედავად იმისა, რომ სანაიას ფიზიკურ დაზიანებებს ექსპერტიზა ადასტურებს, უცნობი ამტკიცებს, რომ ის არ უცემიათ.

ვახო სანაიასა და მის ოჯახს 25 თებერვალს, გვიან ღამით, თავს დაესხნენ. ჟურნალისტმა თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავდა მისი რძალიც.

ჟურნალისტი დაზარალებულად 26 თებერვალს ცნეს. საქმეზე ბრალდებულ სამი პირს, სულიკო საყევარაშვილს, გიორგი სახელაშვილსა და ვაჟა გიგაურს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.