მოპარული უკრაინული ხორბლით დატვირთული რუსული გემი სირიაში ჩავიდა – მედია

Associated Press-ი სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით იუწყება, რომ  უკრაინაში მოპარული ხორბლით დატვირთული რუსული გემი სირიის საპორტო ქალაქ ლატაკიაში ჩავიდა. სააგენტოს ცნობით, სატელიტურ ფოტოებში, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი მატროსი პოზინიჩი ჩანს.

მატროსი პოზინიჩი ” სანქციების ქვეშ მოქცეული “გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციის” კუთვნილებას წარმოადგენს.

5 მაისს ცნობილი გახდა, რომ ”მატროსი პოზინიჩი”ანექსირებულ ყირიმში 27 ათასი ტონა ხორბლით დაიტვირთა, ცდილობდა ხორბალი ჩაეტანა ეგვიპტეში, მაგრამ უარის შემდეგ შეიცვალა კურსი და გეზი ლიბანისა და სირიისკენ აიღო.აღნიშნული ინფორმაცია “ევროპეისკა პრავდას” უკრაინის მთავრობაშიც დაუდასტურეს.

უკრაინა რუსეთს ომის დაწყების შემდეგ 27 000-მდე ტონა მარცვლეულის მიტაცებაში ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ განცხადებაც გაავრცელა.  “ჩვენი ინფორმაციით, ახლა რუსულმა მხარემ უკრაინის სამხრეთით მოპარული მარცვლეულით დატვირთული გემი გაგზავნა ლიბანისა და სირიის მიმართულებით. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე მიმართა ლიბანის და სირიის ხელისუფლებებს, რომ დააპატიმრონ მოპარული ტვირთი, თუ მათ პორტებში რუსული სატვირთო გემი შევა”, – განაცხადა ნიკოლენკომ.

8 მაისს, Fox News-თან ინტევიუში, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსები მარცვლეულს მასობრივად იპარავენ. ხოლო ზოგიერთი ქვეყანა უკრაინიდან რუსეთის მიერ მოპარული მარცვლეულის შეძენას ცდილობს.

“არ მინდა კონკრეტული ქვეყნების დასახელება, რომლებიც ჩვენს ზურგს უკან გარიგებებს დებენ რუსეთისგან ჩვენი მარცვლეულის შესაძენად. თუ ამას გააკეთებენ, რა თქმა უნდა, გეტყვით”,- განაცხადა ზელენსკიმ.