მოსამართლემ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა

ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ უცნობის, ვატო შაქარიშვილის და სხვების თავდებობა არ გაითვალისწინა.

ბრალდებულ სულიკო საყევარაშვილის ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის და კიდევ ერთი ბრალდებულის გიორგი სახელაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის თავდებობით შეცვლას ითხოვდა. მისი განმარტებით, სამივე ბრალდებულს თავდებში მომღერალი გია გაჩეჩილაძე, ზაზა პაპუაშვილი, ვახტანგ შაქარიშვილი და სხვა პირები უდგებიან.

მოსამართლემ განაცხადა, რომ პირები, რომლებიც თავდებობის პასუხისმგებლობა იღებენ, ბრალდებულებთან ახლო ურთიერთობაში უნდა იყვნენ, ხოლო ვერც ერთმა პირმა სასამართლომ ვერ დაასაბუთა, რა კონკრეტული მექანიზმებით აპირებს ბრალდებულთა სათანადო ქცევის უზრუნველყოფას. ამასთან, მოსამართლემ გაიზიარა დანაშაულის ხელმეორედ ჩადენის რისკი.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.